ჯაშუშობადაბრალებული პილოტების სიმართლე - კვირის პალიტრა

ჯაშუშობადაბრალებული პილოტების სიმართლე

"ენვერის" საქმემ" შესაძლოა, მაშინდელ ხელისუფლებას პიარქულები დაუწერა, ქართული სამხედრო ავიაცია კი 11 პილოტისა და ბორტტექნიკოსის გარეშე დატოვა...

"მოღალატეს, ჯაშუშს რომ უშვებ, ეს არის ჩვენი მტრებისთვის სიგნალი, რომ საქართველო დაუცველია და მიდით, ბოლომდე დაჯიჯგნეთ და გაანადგურეთო," - ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა 2012 წლის ბოლოს, მას შემდეგ წარმოთქვა, რაც პარლამენტმა პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

არადა, ჩვენს მტრებს ნიშანი, რომ სამსახურიდან დათხოვნილი და დაპატიმრებული პილოტების გამო ქართულ სამხედრო ავიაციას უდიდესი დარტყმა მიადგა, მიეცათ სწორედ 2010 წლის შემოდგომაზე, როდესაც "ენვერის" "ჯაშუშთა საქმე" დაიწყო.

დღეს ხუთივე პილოტი - უფროსი ლეიტენანტები ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, გოჩა დიასამიძე, დავით მესხიძე, ტარიელ აბაშიძე, გელა კაკაბაძე - გათავისუფლებულია, როგორც პოლიტპატიმარი (მანამდე ციხიდან გამოუშვეს უფროსი ლეიტენანტი გაბრიელ უსტალიშვილი, რომელმაც აღიარებითი ჩვენება მისცა).

ისინი თავიანთი სურვილით შეხვდნენ "კვირის პალიტრას"; ამ შეხვედრის დროს ბევრი საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი და მიუხედავად იმისა, რომ საქმეს ჯერ კიდევ ადევს გრიფი "საიდუმლო", ნათელი ხდება - ის, ვინც "ენვერის" საქმე შეთხზა, ქართული არმიის მტერი იყო, რადგან ამ პილოტების დაპატიმრებით შვეულმფრენების ესკადრილიამ ისეთი დარტყმა მიიღო, როგორსაც რუსები "სტრელებითა" და "იგლებით" ვერ მოგვაყენებდნენ.

ეს ექვსი პილოტი დააკავეს, კიდევ ხუთი პილოტი კი, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის შემდეგ აიძულეს, შეიარაღებული ძალები დაეტოვებინათ, ანუ საქართველოს სამხედრო ავიაციამ ორიოდე დღეში ერთდროულად დაკარგა 11 პილოტი და ბორტმექანიკოსი!

თერთმეტივე ბათუმელი იყო და "ვარდების რევოლუციამდე" ასლან აბაშიძის შექმნილი Ми-8 ტიპის შვეულმფრენების (11 შვეულმფრენი) ეკიპაჟის წევრები იყვნენ, თუმცა 2004 წლიდან ერთგულად ემსახურებოდნენ საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებს და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თავი არ დაუზოგავთ. სლავა პლუჟნიკოვმა, როგორც მფრინავ-ინსტრუქტორმა, აგვისტოს ომის დროს საბრძოლო Ми-24-ით ხუთი საბრძოლო გაფრენა განახორციელა; მფრინავები მასზე ხუმრობდნენ კიდეც - ჩვენი რუსი რუსებს "კროკოდილით" დაერიაო...

გოჩა დიასამიძე, დავით მესხიძე, ტარიელ აბაშიძე, გელა კაკაბაძე და სხვა პილოტები აგვისტოს ომის რთულ დღეებში შუაღამისას სატრანსპორტო Ми-8-ებით აჭარიდან თბილისისკენ დედაქალაქის დასაცავად საჭირო შეიარაღებას ეზიდებოდნენ (მათ კოდორის ხეობიდან მოსახლეობის გამოსაყვანად ორი გაფრენაც კი განახორციელეს) - გოდერძის უღელტეხილისა და ფარავნის ტბის გავლით, ზედაბალ სიმაღლეზე მოფრინავდნენ, რათა რუსეთის რადარებს არ აღმოეჩინათ და დიდი რისკის ფასად თბილისის თავდაცვას აძლიერებდნენ.

თუმცა, რად გინდათ - ერთ-ერთი გამომძიებელი გოჩა დიასამიძეს, თურმე, აგდებული ტონით ეუბნებოდა - იმიტომ მოფრინავდით დაბლა, რომ რუსებს არ ჩამოეგდეთ და თბილისი დაგებომბათო(?!)!

სლავა პლუჟნიკოვმა ჩვენთან საუბრისას გამოთქვა ვარაუდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჯერ მისი და შემდეგ სხვა პილოტების ჯაშუშობის დაბრალებით დაჭერის ნამდვილი მიზეზი: დაჭერამდე ერთი წლით ადრე, 2009 წლის შემოდგომაზე, იგი დაიბარეს თბილისში, კონტრდაზვერვაში და კატეგორიულად მოსთხოვეს, თბილისში საახალწლოდ მოეწვია თავისი ბიძაშვილი, რომელიც რუსეთში, ქ. კოვროვში სამხედრო ნაწილის მაღალჩინოსანი გახლდათ. "არც კი დამალეს, პირდაპირ მითხრეს, რომ თბილისში ჩამოსულ ჩემს ბიძაშვილს "დავერბოვკებას" უპირებდნენ, რისთვისაც მისი მგზავრობისა და აქ ყოფნის ხარჯების ანაზღაურებასაც მთავაზობდნენ," - ამბობს სლავა პლუჟნიკოვი.

ამის შემდეგ იგი ცდილობდა, დამალვოდა კონტრდაზვერვის თანამშრომლებს, არ პასუხობდა მათ სატელეფონო ზარებს, სანამ 2010 წლის 29 სექტემბერს კოპიტნარიდან ბათუმში არ გაგზავნა მეთაურმა - გელოდებიანო. ბათუმში სამარშრუტო ტაქსიდან გადმოსვლისთანავე იგი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდების საფუძველი იყო "ფლეშკა", სადაც რამდენიმე სამხედრო ნაწილის (ოღონდ არა კოპიტნარისა, სადაც ეს პილოტები მსახურობდნენ) საბრძოლო გათვლები იყო ჩაწერილი. პლუჟნიკოვის განცხადებით, ასეთ საიდუმლო ინფორმაციაზე მხოლოდ ძალზე მაღალი თანამდებობის სამხედრო პირებს თუ მიუწვდებათ ხელი და იგი, რომც მოენდომებინა, ამას ვერ შეძლებდა. "ამასთან, ეს არ იყო ჩემი "ფლეშკა", ჩემი სახლში, მაგიდაზე დავტოვე, მაგრამ ის არც კი უნახავთ," - ამბობს პილოტი, რომელსაც დაკითხვებზე ცემის შედეგად მხედველობა დაუქვეითდა, რაც სამხედრო მფრინავისთვის დიდი პრობლემაა.

ყოფილი პოლიტპატიმარი, პილოტი გოჩა დიასამიძე კი წარმოუდგენელ რამეს გვეუბნება: "სასამართლოზე ბრალდების მხარემ რაღაც "ფლეშკა" წარმოადგინა და კომპიუტერის ეკრანზე ამერიკული "აპაჩის" სურათი და მისი ტაქტიურ-ტექნიკური მახასიათებლები გამოჩნდა, რომელიც ჟურნალ "არსენალის" ფურცლიდან იყო გადაღებული. როდესაც ვთხოვე, ეკრანზე გამოსახულება გაედიდებინათ, მაშინვე გადართეს, და Ми-8-ს ელექტრონული გაყვანილობის სქემა გამოჩნდა, რაც რუსებისთვის, რომლებიც 1962 წლიდან უშვებენ ამ შვეულმფრენს, ნამდვილად არ იქნებოდა საინტერესო. თქვენი, როგორც სამხედრო ექსპერტის მოწვევა მოვითხოვეთ, რომ გეთქვათ - არც "არსენალში" დაბეჭდილი ამერიკული "აპაჩის" და არც 60 წლის გამოშვებული რუსული შვეულმფრენების მონაცემები საიდუმლოს შემცველი არ იქნებოდა, მაგრამ სასამართლომ ჩვენი თხოვნა არ დააკმაყოფილა. 2006 წლიდან გითვალთვალებდითო, გვეუბნებოდნენ დაკითხვებზე. თუკი არ გვენდობოდნენ და ჯაშუშებად მივაჩნდით, ან აგვისტოს ომში როგორ გაგვიშვეს, ან პრეზიდენტის შვეულმფრენების გაცილებას როგორღა გვანდობდნენ?" - უკვირთ ციხიდან განთავისუფლებულ პილოტებს.

"თანაც, 2009 წელს მეორე კატეგორიის საიდუმლოებაზე დაშვებაც კი მომცეს, - ამბობს სლავა პლუჟნიკოვი და განაგრძობს - ერთ-ერთი ბრალდება გახლდათ ის, თითქოს ბათუმის ერთ-ერთი ინტერნეტკაფედან "ფლეშკით" საიდუმლო ინფორმაციებს გადავცემდი, "ენვერის" ფილმში ამის ვიდეოკადრებიც არის. იმ ინტერნეტკაფეში მოხვედრამდე რამდენიმე ხნით ადრე კოპიტნართან ტრასაზე ბათუმისკენ მიმავალ მანქანას ვაჩერებდი, როდესაც უცნობი გოგონა მომიახლოვდა, გამეცნო, მითხრა, მეგობართან ვიჩხუბე და მანქანიდან ამ უკაცრიელ ადგილას ჩამომაგდოო. ბათუმამდე ერთად ვიმგზავრეთ, შემდეგ რამდენჯერზე შევხვდი. ერთ დღეს დამირეკა და ბათუმში, ინტერნეტკაფეში შეხვედრა შემომთავაზა. იქ რა გვინდა, სადმე ნორმალურ კაფეში ან რესტორანში დავსხდეთ-მეთქი, მაგრამ ძალიან მთხოვა, იქ მივსულიყავი. ინტერნეტკაფეში ჯერ ერთად ვისხედით, კომპიუტერთან, შემდეგ თვითონ ცოტა ხნით გავიდა და ეტყობა, ამ დროს გადამიღეს ფარული კამერით. იქიდან გამოსულს მეგობარმა დამირეკა, ჩვენც გაგვაცანი ეგ უცნობი გოგონაო, მაგრამ ის მოულოდნელად გამომემშვიდობა და წავიდა, მერე კი ჩემს სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობდა. მიმაჩნია, რომ ეს გოგონა, რომელიც რუსულად კარგად საუბრობდა და ეროვნებით სომეხი უნდა ყოფილიყო, კონტრდაზვერვამ მომიგზავნა..."

ციხიდან გამოსული პილოტების ნაწილს ფრენაზე გული აქვს გატეხილი, მაგრამ ყველას უნდა, გაირკვეს სიმართლე და ისინი საბოლოოდ გათავისუფლდნენ იმ მძიმე ბრალდებისგან, რასაც სამშობლოს წინააღმდეგ ჯაშუშობა ჰქვია...