ისრაელს საჰაერო დაბომბვას ვერ უმტკიცებენ - კვირის პალიტრა

ისრაელს საჰაერო დაბომბვას ვერ უმტკიცებენ

სირიის სამხედრო-საკვლევი ცენტრი, სადაც სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი მზადდება, ამოუცნობმა თვითმფრინავებმა დაბომბეს...

თუკი სამოქალაქო ომში გახვეული სირიის ხელისუფლება დაამტკიცებს, რომ მისი ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი სწორედ ისრაელის ავიაციამ დაბომბა, ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდება.

სირიამ გაეროს ოფიციალური პროტესტით მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ 30 იანვარს სამხედრო-საკვლევი ცენტრი `ჯამნაია", სავარაუდოდ, ისრაელის ავიაციამ დაბომბა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ დამასკოს უტყუარი მტკიცებულება არ გააჩნია, ხოლო ისრაელი, ტრადიციულად, დუმილს არჩევს.

მსგავსი რამ ერთხელ უკვე მოხდა: 2007 წლის 7 სექტემბერს სირიის ტერიტორიაზე ავიაციამ დაბომბა და გაანადგურა საიდუმლო ობიექტი, რომელიც, სავარაუდოდ, მშენებარე ატომური რეაქტორი გახლდათ. მაშინ სირიამ ვერ დაამტკიცა, რომ ეს ისრაელის ავიაციის წერტილოვანი დარტყმა იყო, თუმცა ეჭვი ძალიან ჰგავდა სიმართლეს. ისრაელის ავიაციის ასეთი მოულოდნელი, წერტილოვანი და, რაც მთავარია, დაუსჯელი საჰაერო დარტყმები მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - შესაძლოა, ისრაელი უფრო ფართომასშტაბიანი საჰაერო ოპერაციისთვის ემზადება, რომლის წერტილოვანი სამიზნეები უკვე არა მხოლოდ უშუალო მეზობლების - სირიისა თუ ლიბანის ტერიტორიაზე, არამედ უფრო დაშორებულ ირანში ატომური ობიექტები იყოს.

სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემაში ბოლო წლებში გამოჩენილმა თანამედროვე რუსულმა საზენიტო-სარაკეტო სისტემებმა (მათ შორის - მოდერნიზებულმა `ბუკმა" და `პანცირმა") ჩანს, ჯერჯერობით ვერ შეძლო ამ ქვეყნის ცის საიმედოდ ჩაკეტვა, რაც შეიარაღებული აჯანყებულების აქტიურობის ბრალიცაა, რომლებიც სამხედრო ბაზებზე თავდასხმებსაც არ უშინდებიან.

რამდენიმე თვის წინ ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არ დამალეს, რომ დიდი ყურადღებით აკვირდებიან მეზობელ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს და არ დაუშვებენ, რომ ქიმიური იარაღი აჯანყებულების ხელში მოხვდეს. ქიმიური იარაღის ქონას სირიის ხელისუფლება არ უარყოფს და მისი გამოყენებით ემუქრება ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც გაბედავს და სირიაზე იერიშს მიიტანს.

ისრაელში ძალიან უფრთხიან იმასაც, რომ ზარინითა თუ ტაბუნით გავსებული საარტილერიო ჭურვები თუ საავიაციო ბომბები ჯერ შეიარაღებული ისლამისტების, ხოლო შემდეგ - `ჰეზბოლას" ხელში არ აღმოჩნდეს, რადგან ასეთი ქიმიური იარაღით განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს გაცილებით ტრაგიკული შედეგები მოჰყვება, ვიდრე დაუმიზნებლად ნასროლი თვითნაკეთი რაკეტების გაშვებას.

მიუხედავად იმისა, დამასკო დაამტკიცებს თუ არა, რომ სირიის სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმაში ისრაელის ხელი ურევია, მოსალოდნელია `ჰეზბოლას" შურისძიება და ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის ქალაქებისკენ უმართავი რაკეტების მორიგი ზალპის გაშვება...