"დიდგორები" აღლუმიდან აღლუმამდე თუ ახსენდებოდათ...
"დიდგორები" აღლუმიდან აღლუმამდე თუ ახსენდებოდათ...
წინა კვირას, სანამ თავდაცვის მინისტრი საზღვარგარეთ იყო, საქართველოს პრეზიდენტმა ორი მარშ-ნახტომი განახორციელა. იგი ჯერ ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა გორში, ხოლო შემდეგ თბილისში "თბილავიამშენი" მოინახულა.

ამ მოულოდნელ ვიზიტებს ერთი ლაიტმოტივი გასდევდა - ახალი მთავრობა სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" თავდაცვის სამინისტროდან გამოყოფას აპირებს, რაც საქართველოში საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის წარმოებას შეაჩერებსო.

არადა, ერთი თვის წინ, როდესაც "კვირის პალიტრა" თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ესაუბრა, მან მაგიდაზე მდგარ "დიდგორის" მოდელზე მიგვითითა და განგვიცხადა, რომ
თავდაცვის სამინისტრო ყველა ღონეს იხმარდა, რათა "დელტას" მუშაობა უფრო ეფექტური გამხდარიყო.
ადრეც ვწერდით, რომ "დელტაში" თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იყო შესული და ბოლო წლების ფინანსურ ოპერაციებს იკვლევდა. შეიძლება, სწორედ ეს გახდა ზემოთ ნახსენები მარშ-ნახტომის ერთ-ერთი მიზეზი. მანამდე გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრობისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ
"დიდგორების" გაყიდვას, თურმე, არც მეტი და არც ნაკლები - სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში გეგმავდნენ...

შეიძლება პრეზიდენტს შეეშალა და ჩრდილო კორეის ნაცვლად სამხრეთ კორეა ახსენა? ვინც სამხრეთ კორეის სამხედრო მრეწველობას იცნობს, ვერ დაიჯერებს, რომ იქ ქართული "დიდგორების" შესყიდვით დაინტერესდებოდნენ, ჩრდილო კორეაში კი სამხედრო ტექნიკის გაყიდვა ხომ საერთოდ აბსურდია ამერიკელი პარტნიორების ხელში...

პრეზიდენტის გამოსვლამ როგორც  ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ისე "თბილავიამშენის" საამწყობო საამქროში, "თბილავიამშენის" აქციონერები და ყოფილი პარტნიორები აღაშფოთა.
"კვირის პალიტრას" დაუკავშირდა სააქციო საზოგადოება "თბილავიამშენის" გენერალური დირექტორი ნოდარ ბერიძე, რომელმაც დაუფარავად თქვა ის, რის თქმასაც ბოლო წლებში ვერც ერთი ოფიციალური პირი ვერ ბედავდა: "პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გუნდს "დიდგორები" თუ "ლაზიკები", რომლებითაც ასე ამაყობს, მხოლოდ აღლუმიდან აღლუმამდე თუ ახსენდებოდათ. დღემდე ეს ტექნიკა, რომელიც "თბილავიამშენმა" ააწყო, ისევ ჩვენს ტერიტორიაზე დგას და სააკაშვილის მოსვლის დროს საამწყობო საამქროში გამოფენენ ხოლმე. 2011 წლიდან მოყოლებული არც "დიდგორები", არც "ლაზიკები" თუ "გრადკრაზები" თავდაცვის სამინისტროს არ წაუღია და არც "თბილავიამშენისთვის" გადაუხდია თანხა.

შედეგად, საავიაციო ქარხანას დაუგროვდა ვალი - ბიუჯეტისა და ბანკების, რასაც ყოველთვიურად დაახლოებით 400 ათასი აშშ დოლარის ოდენობის  საურავი და პროცენტი ერიცხება. პრეზიდენტს მინდა ვკითხო: როდესაც აცხადებს, ხელახლა შევქმენით დანგრეული და გაძარცული ქარხანაო, რატომ არ გვაძლევდა სახელმწიფო შეკვეთებს თუნდაც 2004 წლიდან და რატომ არემონტებდა თავდაცვის სამინისტრო შვეულმფრენებს უკრაინაში იმაზე ორჯერ ძვირად, ვიდრე "თბილავიამშენს" შეეძლო მათი გარემონტება? 2010 წლიდან, როდესაც "თბილავიამშენი" "დელტას" დაქვემდებარებაში გადავიდა, გამოჩნდა სამუშაო, მუშა-მოსამსახურეებს ხელფასი მოემატათ, მაგრამ, სამაგიეროდ, ქარხანამ დაკარგა საავიაციო პროფილი და რაც ყველაზე ცუდია, საერთაშორისო ხარისხის მართვის სერტიფიკატები. შეიძლება თვალს ახარებს აღლუმებზე "დიდგორისა" თუ "ლაზიკის" ჩავლა, მაგრამ ეს არ არის მაღალტექნოლოგიური პროდუქტი. ან ის რას ნიშნავს, რომ ცდილობდნენ, ესტონური ფირმის შექმნილი უპილოტო თვითმფრინავი საზოგადოების თვალში ქართულად წარმოეჩინათ, მაშინ, როდესაც სახელმწიფო შეკვეთის შემთხვევაში "თბილავიამშენს" გაცილებით დახვეწილი უპილოტო საფრენი აპარატის შექმნა შეუძლია. მასზე დასაყენებელ რთულ რადიოელექტრონულ აპარატურას ხომ მაინც საზღვარგარეთ ვყიდულობთ..."

ჩვენ ამ ყველაფერს უნდა დავამატოთ ერთი საინტერესო დეტალი, რაზეც აქამდე არაფერი გვითქვამს. 2004 წლის 23 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა ამ სტატიის ავტორი კანცელარიის შენობაში მიიწვია და როგორც აღმოჩნდა, არა როგორც ჟურნალისტი, არამედ როგორც სამხედრო ექსპერტი.
პირისპირ რამდენიმესაათიანი საუბარი "თბილავიამშენის" თემასაც შეეხო, რადგან მე 1992 წლიდან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა ამ ქარხნის კოლექტივთან და 1999 წელს ბუქარესტში, 2000 წელს პრაღაში, ხოლო 2001 წელს ლე-ბურჟეში იმ ქართული დელეგაციების შემადგენლობაში ვიყავი, რომელთაც ამ გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად გაიტანეს ქართული შეიარაღების ნიმუშები, მათ შორის - "თბილავიამშენში" შექმნილიც.

მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოიწონა ჩვენი მიწოდებული ინფორმაცია და გამოთქვა იმედი, რომ "თბილავიამშენი" ქართულ არმიას გადაიარაღებაში დაეხმარებოდა.
თუმცა 2010 წლამდე "თბილავიამშენს" სახელმწიფოსაგან რაიმე მნიშვნელოვანი შეკვეთა არ მიუღია, თუმცა ქარხნის ხელმძღვანელობა არაერთხელ აიძულეს, მილიონები შეეტანა სახელმწიფოს ბიუჯეტში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, "თბილავიამშენის" განვითარებას ხელს ვერ შეუწყობდა, მით უმეტეს, რომ საწარმოში აღმოჩნდა მართვის ხარვეზებიც და თანხების არამიზნობრივად ხარჯვის მაგალითებიც.
2010 წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრის განკარგულებით შპს "თბილავიამშენი" თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებარა, რის შემდეგ მისი მართვა სახელმწიფო სამხედრო-ტექნიკური ცენტრის - "დელტას" ხელმძღვანელობის ხელში გადავიდა. "თბილავიამშენის" მმართველობაში უკმაყოფილებას მაშინაც გამოხატავდნენ, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმას ვერ ბედავდნენ.

რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, თუ "დელტა", "თბილავიამშენი" და თავდაცვის სამინისტრო ითანამშრომლებდნენ და შეიქმნებოდა ერთიანი სტრატეგიული გეგმა, თუ რა სახეობის შეიარაღება სჭირდება ქართულ არმიას, თორემ მორიგ აღლუმზე შიგნით - მოყვრის, ხოლო გარეთ მტრისთვის თვალის ასახვევად გამოყვანილი რამდენიმე ახალი დიზაინის საბრძოლო მანქანა ქართული არმიის ძლიერებას დიდს ვერაფერს შემატებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?