ირანული "უჩინმაჩინი", რომელსაც ფრენა არ შეუძლია?! - კვირის პალიტრა

ირანული "უჩინმაჩინი", რომელსაც ფრენა არ შეუძლია?!

თებერვლის დასაწყისში თეირანში თავად ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დაესწრო ულტრათანამედროვე სამამულო წარმოების გამანადგურებელი თვითმფრინავის Qaher-313-ის საზეიმო პრეზენტაციას. დარბაზში გამოფენილი თანამედროვე დიზაინის საბრძოლო თვითმფრინავი, ერთი შეხედვით, არაფრით ჩამოუვარდებოდა მე-5 თაობის რეაქტიული გამანადგურებლების ცნობილ კოჰორტას - ამერიკულ F-22-სა და F-35-ს, რუსულ თ-50-სა თუ ჩინურ J-20-ს.

ირანელმა სამხედროებმა პრეზენტაციაზე აქეს ახალი გამანადგურებელი და განაცხადეს, რომ ის "სტელსის" ტექნოლოგიითაა დამზადებული, რაც ართულებს მოწინააღმდეგის რადიოლოკაციური სადგურების მიერ ჰაერში მის აღმოჩენას.

თუ ეს სიმართლეა, გამოდის, რომ ირანი დიდად აღარ ჩამორჩება თანამედროვე შეიარაღების მქონე ქვეყნებს.

თუმცა ახალი "უჩინმაჩინი" გამანადგურებლების პრეზენტაციის შემდეგ ზოგიერთმა ცნობილმა საერთაშორისო სამხედრო ექსპერტმა გამოთქვა ეჭვი, საერთოდ შეუძლია თუ არა ფრენა ირანულ Qaher-313-ს და ხომ არ არის ეს თეირანის მორიგი დეზინფორმაცია.

ირანიდან ხშირად მოდის ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ამ ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა შექმნა და სერიულად აწარმოებს მსოფლიოში საუკეთესო ფრთოსან და საზენიტო რაკეტებს, უპილოტო თვითმფრინავებსა თუ ძნელად აღმოსაჩენ წყალქვეშა ნავებს, თუმცა ფართო მასებისთვის განკუთვნილ ამ ინფორმაციას ხშირად არ ეთანხმებიან სამხედრო საქმის საერთაშორისო სპეციალისტები, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ უახლესი ირანული "სტელსის" გამანადგურებლების შემთხვევაშიც ასე იყოს საქმე. მისი დემონსტრირებისას ყველაზე მეტი კითხვა კაბინაში განთავსებულმა ხელსაწყოების დაფამ და მისმა უკანა, ღია მხარემ გააჩინა, რადგან ასეთი არათანამედროვე დიზაინის ხელსაწყოთა დაფა ძნელად თუ მიესადაგება მე-5 თაობის გამანადგურებელს.

ირანული "სტელსის" ძალიან მცირე ზომები კიდევ ბევრ ეჭვს აღძრავს, რადგან მის პატარა ცხვირში თანამედროვე მძლავრი საბორტე რადიოლოკატორი ვერ მოთავსდება, ხოლო ვიწრო კაბინაში მჯდომი პილოტი ფანარს უბრალოდ, ვერ დახურავს.

ეს და სხვა მიზეზები საერთაშორისო სამხედრო ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ირანის დემონსტრირებული "სტელსის" გამანადგურებელი მხოლოდ მაკეტია, რომელსაც ფრენა არ შეუძლია.

ექსპერტები ექსპერტებად, მაგრამ რა საინტერესო სიტუაცია შეიქმნება, თუ ირანმა მაინც შეძლო Qაჰერ-313-ის მთელი ესკადრილიების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა?!