სტეფანაკერტის აეროპორტი - ბაქოსა და ერევნის მორიგი დაპირისპირების ფაქტორი - კვირის პალიტრა

სტეფანაკერტის აეროპორტი - ბაქოსა და ერევნის მორიგი დაპირისპირების ფაქტორი

თვითაღიარებული ყარაბაღი სტეფანაკერტის აეროპორტის გახსნას გეგმავს, რაც ოფიციალურ ბაქოს საპასუხო ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს...

1994 წლიდან გაყინული ყარაბაღის კონფლიქტი მსოფლიოს დროდადრო თავს ახსენებს. ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის გამწვავება უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი, თუკი ამუშავდება სტეფანაკერტის აეროპორტი.

იგი მდებარეობს თვითაღიარებული ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელსაც ოფიციალური ბაქო ოკუპირებულ ტერიტორიად თვლის, ხოლო საერთაშორისო საზოგადოება მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

გასული წლის ოქტომბერში დამთავრდა სტეფანაკერტის აეროპორტის რეკონსტრუქცია. მისი ასფალტირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2 178 მ-ია, რაც პატარა და საშუალო სიდიდის სამგზავრო თვითმფრინავების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

სტეფანაკერტის აეროპორტის ამოქმედება, ბუნებრივია, ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის სტრატეგიულ ინტერესებს, თუნდაც იმიტომაც, რომ ბაქოს მიერ ოკუპირებულად გამოცხადებული ყარაბაღის აეროპორტიდან მომავალში შეიძლება საერთაშორისო რეისებიც შესრულდეს.

ორი წლის წინ აზერბაიჯანის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სტეფანაკერტის აეროპორტიდან ფრენების დაწყების შემთხვევაში აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა და საზენიტო-სარაკეტო სისტემებმა შეიძლება სამგზავრო თვითმფრინავებიც ჩამოყარონ.

ამ განცხადებებმა მაშინ უარყოფითი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ პირველი თვითმფრინავით თავად ჩაფრინდებოდა სტეფანაკერტის აეროპორტში, რაზეც აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა უპასუხეს, რომ დიდი სიამოვნებით ჩამოაგდებდნენ მის თვითმფრინავს.

მოგვიანებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კატეგორიულად განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არასოდეს გამოიყენებს ძალას სამოქალაქო თვითმფრინავების წინააღმდეგ.

ა/წ 18 იანვარს აზერბაიჯანის მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენების წესები, რომელთა თანახმად, შეიქმნა საჰაერო სივრცის 25 კმ სიგანის სასაზღვრო ზოლი და ფრენების აკრძალული ზონები. თუკი საფრენი აპარატის ეკიპაჟი აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალებს წინასწარ არ შეატყობინებს ამ აკრძალულ საჰაერო ზონებში ფრენის შესახებ და არ აიღებს სათანადო ნებართვას, მის წინააღმდეგ შეიძლება ძალა გამოიყენონ.

ოფიციალური ბაქოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად გამოცხადებული თვითაღიარებული ყარაბაღი და სტეფანაკერტის აეროპორტი ფრენების აკრძალულ ზონაში ხვდება. ძალზე საეჭვოა, რომ რომელიმე სომხური ავიაკომპანიის ეკიპაჟმა ერევან-სტეფანაკერტის რეისის შესრულებისთვის ნებართვა აზერბაიჯანელ გენერლებს სთხოვოს, მაგრამ გაბედავს კი ოფიციალური ბაქო, ძალისმიერი ხერხებით შეაჩეროს სტეფანაკერტის აეროპორტში დასაჯდომად მომზადებული ლაინერი, თუკი მის ბორტზე მგზავრები და მათ შორის - დასავლელი დიპლომატებიც იქნებიან?..