დაუპატიჟებელი კოსმოსური სტუმარი - კვირის პალიტრა

დაუპატიჟებელი კოსმოსური სტუმარი

ვისაც ცნობილი ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი, ნახევრად ფანტასტიკური ბლოკბასტერი "არმაგედონი" უნახავს, ის ადვილად წარმოიდგენს, რა მოხდა 15 თებერვლის დილას რუსეთის შუაგულში, ურალში, ქ. ჩელიაბინსკის სიახლოვეს.

ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორებმა და ქუჩებში დაყენებულმა ვიდეოკამერებმა კარგად დააფიქსირა, თუ როგორ შემოიჭრა დედამიწის ატმოსფეროში უზარმაზარი სიჩქარით (15-20კმ/წმ) მფრენი სხეული, რომელიც უკან თეთრ მსხვილ კვალს ტოვებდა. მიწასთან მოახლოებამდე, ატმოსფეროს გადალახვისას ის სამჯერ აფეთქდა და მრავალ წვრილ ნატეხად დაიშალა.

აფეთქებების ტალღამ დასახლებულ პუნქტებში რამდენიმე შენობა დაანგრია, შუშები ჩაამსხვრია, რაც 1 200 ადამიანის დაზიანების მიზეზი გახდა.

რა ჩამოვარდა ჩელიაბინსკთან?

რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების მტკიცებით, ეს იყო არა მეტეორიტების წვიმა, არამედ შედარებით დიდი მეტეორიტი-ბოლიდი, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში დიდი სიჩქარით შემოჭრის გამო აფეთქდა და ნაწილებად დაიშალა.

პირველადი ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი სატანკო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა აღმოაჩინეს ექვსი მეტრი დიამეტრის ღრმული, რომელიც სავარაუდოდ, დაუპატიჟებელი ციური სხეულის ერთ-ერთმა ნამსხვრევმა დატოვა.

საგულისხმოა, რომ ურალის თავზე აფეთქებულმა ბოლიდმა თითქმის ერთი დღით დაასწრო მართლაც რომ ისტორიულ მომენტს - დედამიწის სიახლოვეს ასტეროიდ 2012 DA14-ის ჩაფრენას.

ეს პირველი ამ ზომის ასტეროიდი იყო, რომელმაც დედამიწას მას შემდეგ ჩაუფრინა, რაც კოსმოსურ ობიექტებზე აქტიური დაკვირვება დაიწყო.

ასტეროიდმა დედამიწას სულ რაღაც 27,7 ათას კმ-ზე ჩაუფრინა, რაც 14-ჯერ უფრო ახლოა, ვიდრე მანძილი მთვარემდე. უფრო მეტიც - ასტეროიდმა 7,8კმ/წმ სიჩქარით გაიფრინა დედამიწასა და იმ ორბიტას შორის, რომელზეც საერთაშორისო კოსმოსური სადგური და იქ მყოფი კოსმონავტები მოძრაობენ. აშშ-ის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს,  NASA-ს ინფორმაციით, ამ ზომის ასტეროიდები ჩვენი პლანეტის სიახლოვეს საშუალოდ 40 წელიწადში ერთხელ ჩაიფრენს, ხოლო დედამიწაზე საშუალოდ ათასი წლის ინტერვალით ეცემა.