ფხენიანი ისევ აფეთქებს... - კვირის პალიტრა

ფხენიანი ისევ აფეთქებს...

ჩრდილო კორეამ მესამე მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება განახორციელა, თუმცა მაინც საეჭვოა, აქვს თუ არა ფხენიანს ბირთვული იარაღი...

12 თებერვალს ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე ზემგრძნობიარე ხელსაწყოებმა დააფიქსირა 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები, რომელთა ეპიცენტრი ჩრდილო კორეაში, ბირთვული პოლიგონის რაიონში იყო.

იმავდროულად, ფხენიანმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა მესამე მიწისქვეშა ბირთული გამოცდის ჩატარების შესახებ.

პირველი მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება ჩრდილო კორეამ 2006 წლის 9 ოქტომბერს, მეორე კი 2009 წლის 25 მაისს განახორციელა. თუმცა სპეციალისტებს დღემდე ეეჭვებათ, რომ ფხენიანმა მსოფლიოს პირველ ბირთვულ გამოცდად მიწის ქვეშ რამდენიმე ასეული ტონა ტროტილის აფეთქება "შეაპარა", რათა დასავლეთი დაეშინებინა.

ასეთივე ეჭვი გაუჩნდათ ექსპერტებს ბოლო გამოცდის შემდეგაც, რადგან მიწისქვეშა აფეთქების შემდეგ ატმოსფეროში არ გამოჟონა აირებმა, რომელთა ანალიზით დადგინდებოდა, მართლაც იყო თუ არა ეს ბირთვული გამოცდა.

ასეა თუ ისე, ჩრდილო კორეა უკვე შეიძლება "ბირთვული კლუბის" მე-9 წევრად ჩაიწეროს აშშ-ის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და პაკისტანის შემდეგ. ისრაელი, როგორც წესი, არც ადასტურებს და არც უარყოფს ბირთვული იარაღის ქონას, მაგრამ სავარაუდოდ, მის განკარგულებაში ორასამდე ბირთვული ქობინი მაინც უნდა იყოს.

ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის ქონა ნახევარი საქმეა, რადგან ის ისეთი კომპაქტური გაბარიტების და მცირე წონის უნდა იყოს, რომ ბომბდამშენით ან რაკეტით შეიძლებოდეს მისი გადასროლა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე.

ჩრდილო კორეის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაშია უაღრესად მოძველებული, 60 წლის წინ გამოშვებული Ил-28 ტიპის სამ ათეულამდე ბომბდამშენი, რომელთა საბრძოლო გამოყენება და მით უმეტეს, მათ მიერ ბირთვული ბომბის გადატანა ძნელად წარმოსადგენია.

ფხენიანის განკარგულებაშია შედარებით თანამედროვე Су-25 ტიპის სამ ათეულზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავი, რომლებიც საბჭოთა პერიოდში თბილისის საავიაციო ქარხანაში ააწყვეს. თუმცა ამ მოიერიშეების საბრძოლო მოქმედების მცირე რადიუსის გამო ისინი მხოლოდ სამხრეთ კორეას თუ დაუპირისპირდებიან.

გაცილებით უკეთესია ფხენიანის სარაკეტო შეიარაღება. მის განკარგულებაშია ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც საბჭოთა "ტოჩკასა" და "სკადის" ბაზაზეა შექმნილი. რაც მთავარია, ჩრდილოკორეელებმა სულ ახლახან, გასული წლის 12 დეკემბერს, შეძლეს გაეშვათ დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამგზავრის დედამიწის ორბიტაზე გამყვან რაკეტა-მატარებელს შეეძლება ისიც, რასაც ასე უფრთხიან თეთრ სახლში, კერძოდ, რამდენიმე ასეული კგ მასის ბირთვული ქობინის გადატანა ჩრდილო კორეიდან ჩრდილო ამერიკის კონტინენტამდე.

ჩრდილო კორეის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის ჩატარება ამერიკელებს ვერაფერს მისცემს; ეს მათ ერთხელ უკვე იწვნიეს 1950-იანი წლების დასაწყისში. წერტილოვანი საჰაერო დარტყმებით შეიძლება ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შეფერხება, მაგრამ არა - მთლიანად განადგურება, რადგან მთელი ინფრასტრუქტურა ღრმადაა განთავსებული მიწის ქვეშ და კარგადაა დაცული. ამერიკული საჰაერო დარტყმების საპასუხოდ ფხენიანი საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლს გაუხსნის სამხრეთ კორეას, რაც დასავლეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ერთადერთ ლოგიკურ ქმედებად ლოდინი და ეფექტური ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის სამხრეთ კორეასა და იაპონიაში შექმნა რჩება...