NATO-ს სტანდარტის ტუალეტებიც მითი ყოფილა?! - კვირის პალიტრა

NATO-ს სტანდარტის ტუალეტებიც მითი ყოფილა?!

გასულ კვირას თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ლადო ჩაჩიბაიასთან ერთად სენაკსა და ქუთაისში ქართული არმიის ორი სამხედრო ბაზა მოინახულა.

ამის შემდეგ თავად თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ფოტო და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს სენაკის მე-2 და ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადების ინფრასტრუქტურის არცთუ სახარბიელო სახე.

წინა ხელისუფლება და მისი თავდაცვის მინისტრები იმით ამაყობდნენ, რომ ყაზარმებში "NATO-ს სტანდარტის ტუალეტები" მოაწყვეს, თუმცა ასეთი სტანდარტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, ბუნებრივია, არასოდეს ჰქონია, რადგან გამართულად მომუშავე და სუფთა პირსაბანი და ტუალეტი 21-ე საუკუნეში გასაკვირი არ უნდა იყოს, თუნდაც ყაზარმაში.

იმ ფოტო და ვიდეოკადრებში, რომლებიც თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, კარგად ჩანს მწყობრიდან გამოსული და გაპარტახებული ტუალეტები და პირსაბანები. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში სამხედრო უწყებისთვის დაახლოებით 5,5 მლრდ ლარი დაიხარჯა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ჯარს და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას არ მოხმარდა, რადგან ეს ხარჯი არ იყო გამჭვირვალე და არ არსებობდა მისი კონტროლის მექანიზმი.

საინტერესოა, რომ თავდაცვის მინისტრის მიერ სენაკისა და ქუთაისის ქვეითი ბრიგადების ინსპექტირებას წინ უსწრებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის გიორგი კერესელიძის დაპატიმრება.

სწორედ ლოგისტიკის სარდლობის საქმეა სამხედრო ბაზებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, თუმცა კერესელიძეს პროკურატურა ბრალს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და დაზარალებულთა პირადი ღირსების შეურაცხყოფაში სდებდა.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ლოგისტიკის სარდალმა საწვავის ქურდობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე მძღოლი ორმოში ჩაყარა, დიზელის საწვავი გადაასხა და ცეცხლის წაკიდებით ემუქრებოდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და გიორგი კერესელიძე სასამართლო სხდომის დარბაზიდან 13 თებერვალს გაათავისუფლა.