ახალშექმნილი პატრულის პიარს შეწირულნი?! - კვირის პალიტრა

ახალშექმნილი პატრულის პიარს შეწირულნი?!

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულმა ახალმა ვიდეოჩანაწერმა, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ გაავრცელა, საზოგადოების დიდი გამოხმაურება პოვა.

ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ გაჩნდა ორი კითხვა: მართლაც ჰქონდათ თუ არა მანქანაში იარაღი მაშინ დაკავებულ ახალგაზრდებს და დამონტაჟებულია თუ არა ეს ვიდეოკადრები.

ჩვენ კიდევ ერთი კითხვა გვიჩნდება: რატომ გააჩერა ის "ბე-ემ-ვე" იმ ღამეს პატრულმა?

როგორც ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ დიღომში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ფიგურირებდა სწორედ ამ ნომრიანი "ბე-ემ-ვე", რომელიც გადაცემული იყო ძებნაზე. ამიტომაც გააჩერა იგი პატრულმა.

თუკი გამოძიება კეთილს ინებებს და შსს-ს სამორიგეოს არქივიდან ამოსწევს 2004 წლის 23 ნოემბრის მთელი დღის ინფორმაციას, გამომძიებლები იმის მინიშნებასაც კი ვერ აღმოაჩენენ, რომ ეს "ბე-ემ-ვე" იძებნებოდა. ვერ აღმოაჩენენ იმიტომ, რომ ასეთ მანქანას არავინ ეძებდა...

ჩვენი ვერსია ასეთია: გიორგობას, ღამით, პატრული წერეთლის გამზირზე აჩერებს "ბე-ემ-ვეს" იმ ვარაუდით, რომ მძღოლი შეიძლება ნაქეიფარი იყოს. მანქანაში მსხდომი ახალგაზრდები პატრულს რატომღაც საეჭვოდ მოეჩვენა, ამიტომ ისინი გადმოჰყავთ მანქანიდან, რის შემდეგ პატრული ბაშალეიშვილი, სავარაუდოდ, გაუფრთხილებლობით, ისვრის პისტოლეტით და ბუტა რობაქიძე სასიკვდილოდ იჭრება.

სწორედ ამის შემდეგ იწყება მთავარი მოვლენები. საქმეში ერთვება გადაცემა "პატრულის" ხელმძღვანელი გურამ დონაძე, რომელსაც პრეზიდენტისა და შს მინისტრისაგან დავალებული ჰქონდა ახალშექმნილი პატრულის საქმიანობის გაპიარება.

პატრულის მიერ, თუნდაც გაუფრთხილებლობით, უდანაშაულო ახალგაზრდის მკვლელობას, დონაძისა და მის ზემდგომთა აზრით, მოჰყვებოდა პატრულის დისკრედიტაცია, რაც "ვარდების რევოლუციით" მოსული და პიარტექნოლოგიების მოყვარული ხელისუფლების მაღალი ეშელონებისთვის სრულიად მიუღებელი იყო.

ამიტომ უდანაშაულო ახალგაზრდის მკვლელობის გადაფარვა სცადეს შეთითხნილი ვერსიით, თითქოს მანქანიდან პატრულმა იარაღი ამოიღო და ეს ახალგაზრდები სულაც არ იყვნენ უდანაშაულოები.

სასწრაფოდ იწყება პოლიციის სხვადასხვა სამმართველოში გაუფორმებლად შენახული იარაღის ძებნა (გაუფორმებელი ავტომატები პოლიციის განყოფილებაში შევარდნაძის ხელისუფლების დროიდან ინახებოდა, რათა საჭიროების შემთხვევაში, როგორც ნივთმტკიცება, ჩაედოთ იმ პირებისთვის, რომელთა დასაკავებლად სხვა საფუძველი არ ჰქონდათ). ასე ჩნდება ამ საქმეში თითქოს მანქანიდან ამოღებული ერთი რევოლვერი (სავარაუდოდ, ბრაზილიური წარმოების "ტაურუსი") და ორი "კალაშნიკოვი".

მიუხედავად იმისა, რომ ამ იარაღზე დაკავებულთა თითის ანაბეჭდები არ აღმოჩენილა, გურამ დონაძისა და იმ ტელევიზიების საშუალებით, რომლებიც ემსახურებოდნენ და ახლაც ემსახურებიან "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს, საზოგადოებას თავს ახვევენ ინფორმაციას, რომ დაკავებული ახალგაზრდები შეიარაღებული იყვნენ და ბუტა რობაქიძეც შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მოკლეს.

გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ გურამ დონაძე ამხელა გავლენას ახდენდა მაშინდელი პოლიციის, კერძოდ, პატრულის მაღალჩინოსნებზე. ჩნდება ეჭვი, რომ დონაძე და მიქაძე მანქანაში იარაღის ჩადების პიაროპერაციას შს მინისტრსა და სხვა მაღალჩინოსნებთან შეთანხმების გარეშე ვერ ჩაატარებდნენ. თუკი 2004 წლის ნოემბერში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული დამონტაჟებული ვიდეომასალის გავრცელება ახალშექმნილი პატრულის იმიჯის გადარჩენას ემსახურებოდა, 2013 წლის თებერვალში, სავარაუდოდ, დამონტაჟებული ვიდეოკადრების გავრცელებით ის, ვინც 2004 წელს იარაღის ჩადებასა და "დამნაშავეთა გაუვნებლების ოპერაციაში" მონაწილეობდა, საკუთარი ტყავის გადარჩენას ცდილობს.

ყველაზე კარგად ზურაბ მიქაძესა და იმ პოლიციელებს მოეხსენებათ იარაღის ჩადება-არჩადების შესახებ, ვინც იმ ტრაგიკულ ღამეს იქ იმყოფებოდა. შესაძლოა, პოლიციელებს საკუთარი ინიციატივით არც ეცადათ ფაქტების გაყალბება და პატრული ბაშალეიშვილი მაშინვე დაეკავებინათ, როგორც გაუფრთხილებლობით მკვლელობის ჩამდენი (ასე ხდება სხვა ქვეყნებშიც), მაგრამ სახელმწიფო პიარის მანქანამ თავისი გაიტანა...

ვინც ვიდეოკადრები ნახა, აუცილებლად შეამჩნევდა, პატრულის დაუფარავ აგრესიას მიწაზე დაყრილი ახალგაზრდების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მათ წინააღმდეგობას არ უწევდნენ. განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ზოგიერთი პატრულის პისტოლეტის ჭერის მანერა - მათ საჩვენებელი თითი პისტოლეტის სასხლეტზე უდევთ, რაც უდიდესი შეცდომაა, რადგან ამ დროს მოსალოდნელი იყო ინსტინქტურად სასხლეტის გამოკვრა, რასაც შეიძლებოდა სხვა დაკავებული ახალგაზრდების სიკვდილიც მოჰყოლოდა.

ყოველივე ამის მიზეზი კი ისევ სახელმწიფო პიარი გახლდათ. "ვარდების რევოლუციის" ლიდერებს სურდათ, რაც შეიძლება მალე ეცნობებინათ მთელი მსოფლიოსთვის, რომ შევარდნაძის კორუმპირებული პოლიცია მოსპეს და დასავლური ყაიდის, თანამედროვე პატრული შექმნეს.

სწორედ სისწრაფე გახდა პატრულის პირველი თანამშრომლების არასათანადო მომზადების მიზეზი. მათმა ნაწილმა იარაღთან უსაფრთხო მოპყრობის წესებიც კი არ იცოდა. მაშინდელი ხელისუფლებისთვის პოლიციელთა პროფესიონალიზმზე მეტად მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ რამდენად ლამაზად გამოჩნდებოდნენ პატრულის თანამშრომლები ტელეეკრანებზე.

ამიტომაც იყო, რომ ახალშექმნილ პატრულს საბჭოთა "მაკაროვების" ნაცვლად სასწრაფოდ დაურიგეს ისრაელში შეძენილი "იერიჰოს" ტიპის თვითდამტენი პისტოლეტები, რომელთა უსაფრთხოდ მოხმარების წესების ათვისება პატრულის ბევრმა თანამშრომელმა, უბრალოდ, ვერ მოასწრო (რაზეც მეტყველებს თუნდაც იმ პატრულთა რიცხვი, რომლებმაც "იერიჰოებიდან" გაუფრთხილებელი გასროლის შედეგად თავად მიიღეს ჭრილობები, თუმცა ამ ფაქტებს მაშინდელი შსს-ს ხელმძღვანელობა უმკაცრესად ასაიდუმლოებდა).

ასევე კარგი იქნებოდა, თუკი გამოძიება დაინტერესდებოდა, რა თანამდებობებზე დააწინაურეს პატრულის იმ თანამშრომელთა ნაწილი, ვინც გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს.

ჩვენს ვერსიას, რა თქმა უნდა, დამტკიცება სჭირდება, რისი ნაწილიც იქნებოდა გავრცელებული ვიდეოკადრების პროფესიონალური ექსპერტიზა.

თუმცა ექსპერტიზის გარდა არსებობს ადამიანური პასუხისმგებლობაც საზოგადოების წინაშე, როდესაც ყოფილმა თუ მოქმედმა პოლიციელებმა, ვინც ამ გახმაურებულ საქმესთან იყო დაკავშირებული, უბრალოდ, კაცურად აღიარონ, რომ იმ ახალგაზრდებს იარაღი არ ჰქონიათ...