ერთობლივი ოპერაცია ავღანეთში - კვირის პალიტრა

ერთობლივი ოპერაცია ავღანეთში

გასული კვირის ბოლოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ავღანეთში ერთობლივი ქართულ-ამერიკული სპეცოპერაციის წარმატებით ჩატარების შესახებ. ასეთი ინფორმაციის გავრცელება უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია (გასულ წლებში ასე არ ხდებოდა) - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა სახის ოპერაციებში მონაწილეობენ ავღანეთში წარგზავნილი ქართველი სამხედროები.

თავდაცვის უწყების ინფორმაციის თანახმად, ჰილმენდის პროვინციის შურაკის რაიონში ჩარჩენილი ამერიკული  სამხედრო ქვედანაყოფის სამშვიდობოზე გამოსაყვანად განხორციელდა სახმელეთო-საჰაერო ოპერაცია კოდური სახელწოდებით "დინამიკური პარტნიორობა", რომელშიც ამერიკელ საზღვაო ქვეითთა კორპუსების დანაყოფებთან ერთად ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართული არმიის 32-ე და მე-12 ქვეითი ბატალიონების 200-მდე მებრძოლიც მონაწილეობდა. ოპერაცია თავისი მოსამზადებელი ეტაპის ჩათვლით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის სერიოზულობაზე მიანიშნებს მასში მონაწილე ამერიკული მხარის დანაყოფთა ჩამონათვალიც: აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მე-7 საბრძოლო პოლკის მე-2 საინჟინრო ბატალიონი, პირველი სატანკო ბატალიონი, მე-2 ლოჯისტიკური პოლკი და მსუბუქ შვეულმფრენთა 169-ე ესკადრილია.

ამერიკული საინჟინრო ბატალიონის მონაწილეობა მიუთითებს, რომ ამ ოპერაციის დამგეგმავი და განმახორციელებელი "სამხრეთ-დასავლეთის რეგიონული სარდლობა" სერიოზულად უფრთხოდა გზებზე ჩასაფრებებსა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას. საინჟინრო ბატალიონის შეიარაღებაშია სპეციალური ტექნიკა და რადიოელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც ბლოკავს რადიომართული ფუგასების აფეთქებას და აადვილებს მათ აღმოჩენასა და გაუვნებლებას.

მსუბუქ შვეულმფრენთა 169-ე ესკადრილია, რომელიც მოდერნიზებული UH-1N Twin huey-ებითაა აღჭურვილი, ჰაერიდან ეხმარებოდა ალყაში მოქცეული ამერიკული ქვედანაყოფის გადასარჩენად მიმავალ ამერიკულ-ქართულ ჯავშანკოლონას. შვეულმფრენის ეკიპაჟები გზებზე თალიბების შესაძლო ჩასაფრების ადგილების აღმოჩენას ცდილობდნენ.

ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ორი გზის მონაკვეთის უზრუნველყოფა გახლდათ, რათა თალიბებს არ მოეხერხებინათ მათი ჩაკეტვა და ოპერაციაში მონაწილეთა დამატებით ალყაში მოქცევა.

ამ სახის ოპერაციებს ავღანეთში საბჭოთა ჯარების შენაერთებიც ატარებდნენ 1979-1989 წლებში, როდესაც უზარმაზარი ჯავშანკოლონები, რომლებსაც ჰაერიდან შვეულმფრენები იცავდნენ, რამდენიმე ათეულ ან ასეულ კმ-ზე გადაადგილდებოდნენ.

ასეთ კოლონებს ავღანელი მოჯაჰედები მაშინ ხშირად ესხმოდნენ თავს და წარმატებებსაც აღწევდნენ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და თუ თალიბები გზებზე ისევ თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს აწყობენ, ISAF-ის საინჟინრო განაღმვის საშუალებები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა ავღანეთის გზებზე შეჯავშნული "მრაპები" მაინც ფეთქდება, რასაც, სამწუხაროდ, არაერთი ქართველი სამხედროს დაღუპვა და დაჭრაც მოჰყვა.

ეს ერთობლივი ოპერაცია, საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ და წარმატებით დამთავრდა - საშიშ ზონაში ჩარჩენილი ამერიკული ქვედანაყოფი ქართველების დახმარებით სამშვიდობოზე გამოიყვანეს.