ჯარში - 15-დან ისევ 12 თვემდე - კვირის პალიტრა

ჯარში - 15-დან ისევ 12 თვემდე

ქართულ არმიაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ორჯერ შეიცვალა. "ნაციონალებმა" ჯარში სამსახურის პერიოდი ჯერ თვრამეტ თვემდე დააწესეს იმ მოსაზრებით, რომ თურმე ქართული არმია ახალ ტანკებს ყიდულობდა და მათ ასათვისებლად, გივი თარგამაძის მოსაზრებით, აუცილებელი იყო, ჯარისკაცს დიდხანს ემსახურა.

არადა ტანკის თუ სხვა საბრძოლო ტექნიკის მართვის ორგანოებთან ჯარისკაცის მიკარება არც შეიძლება - ასეთ ძვირად ღირებულ ტექნიკას მხოლოდ კონტრაქტით გაწვეული სამხედრო პირი უნდა ემსახურებოდეს, რომელიც ფინანსურადაც იქნება პასუხისმგებელი ამ ტექნიკაზე და მეტადაც გაუფრთხილდება.

მოგვიანებით იმავე ხელისუფლებამ სავალდებულო სამხედრო სამსახური ერთ წლამდე შეამცირა და იყო პერიოდი (განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომამდე), როდესაც თავდაცვის სამინისტროს საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევებზე ერთი წვევამდელიც არ წაუყვანია.

ზუსტად ერთი წლის წინ, 2012 წლის დასაწყისში, კვლავ ახალი იდეა გაუჩნდა ყოფილ ხელისუფლებას და სავალდებულო სამხედრო სამსახური 12-დან 15 თვემდე გაზარდა. მნიშვნელოვნად მოიმატა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულთა რაოდენობამაც (მაგალითად, თუკი 2010 წელს ყველა ძალოვან სტრუქტურაში გაწვეული იყო 6 923 ჯარისკაცი, 2012 წელს ეს რიცხვი 13 869-მდე გაიზარდა), რაც, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო იმით, რომ ყოფილი ხელისუფლება კონტრაქტით აყვანილი სამხედროებით ვეღარ აკომპლექტებდა საბრძოლო ნაწილებს და მათ შევსებას წვევამდელების რიცხვისა და სამსახურის ვადის გაზრდით ცდილობდა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის 15-დან 12 თვემდე შემცირება საზოგადოების მოწონებას დაიმსახურებს, ისევე, როგორც გადაწყვეტილება, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე ახალგაზრდების ჯარში გაწვევის გადავადებას ითვალისწინებს.