პრეზიდენტის საბოტაჟი პოლკოვნიკების აღდგენაზე? - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის საბოტაჟი პოლკოვნიკების აღდგენაზე?

ათეულობით პოლკოვნიკი ვერ ახერხებს შეიარაღებულ ძალებში დაბრუნებას, რადგან მათი აღდგენის ბრძანებას პრეზიდენტი ხელს არ აწერს...

ქართულ არმიაში პოლკოვნიკებს, ტრადიციულად, არ უმართლებთ. ჯერ იყო და, 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანებით, მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა და კადრების განკარგულებაში გადაიყვანა ერთდროულად 180 ვიცე-პოლკოვნიკი და პოლკოვნიკი (არადა, ბევრ მათგანს სამხედრო პენსიაზე გასვლამდე რამდენიმე კვირა და დღეც კი რჩებოდა), ახლა კი პრეზიდენტი ხელს არ აწერს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პოლკოვნიკთა ნაწილის აღდგენის ბრძანებას.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეცვლილმა თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ ქართულ არმიაში იმ სამხედრო მოსამსახურეთა აღდგენის პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლებიც გასულ წლებში დაუსაბუთებლად და უკანონოდ იყვნენ დათხოვნილი შეიარაღებული ძალებიდან.

2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 12 თებერვლის ჩათვლით თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში აღდგენისა და დასაქმების თხოვნით 3 323-მა პირმა მიმართა, მათ შორის არის 443 უფროსი ოფიცერი, 409 უმცროსი ოფიცერი, 1 976 კაპრალი და სერჟანტი და 495 სამოქალაქო პირი (ინფორმაციისთვის: 22 თებერვლიდან ასეთი განცხადებების განხილვას შეუდგა თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო კომისია).

რა თქმა უნდა, შეიარაღებულ ძალებში ყველა მსურველის დაბრუნება ვერ მოხერხდება, თუნდაც იმიტომ, რომ ზოგიერთნი თავის დროზე მართლაც იმსახურებდნენ არმიიდან დათხოვნას საწესდებო დანაშაულთა გამო (თუმცა, ეს კომისიის გადასაწყვეტია).

არმიაში კაპრალების, სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრების აღდგენა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან ამას გაერთიანებული შტაბი და თავდაცვის სამინისტრო წყვეტს, თუმცა აქაც არის გარკვეული პრობლემები, რადგან შეიარაღებულ ძალებში დაბრუნების მსურველები აცხადებენ, რომ საბუთების ჩაბარების შემდეგ ისინი ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებიან და მათი საქმეების განხილვა უზომოდ ჭიანურდება.

რაც შეეხება უფროს ოფიცრებს მიკუთვნებულ პოლკოვნიკებს, ისინი მორიგი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ - სამი წლის წინ მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ერთი ხელის მოსმით გათავისუფლებულებს დღეს არმიაში დასაბრუნებლად არც ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრისა და არც გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანება ეყოფათ.

საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ მოქმედებს 1998 წლის 28 ოქტომბერს მიღებული პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის #609 ბრძანებულება საქართველოს სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე. ამ ბრძანებულების მე-14 თავის მე-10 პუნქტში წერია, რომ შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი ოფიცრის გაწვევა-დათხოვნა და პოლკოვნიკის გაწვევა საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა.

უმაღლეს ოფიცრებად ითვლებიან გენერლები (ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი და არმიის გენერალი) და გასაგებია, რომ მათი გაწვევისა და დათხოვნის საკითხი პირადად პრეზიდენტის, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის გადასაწყვეტია, რადგან ასეთი უმაღლესი სამხედრო ჩინის პირები თითზე ჩამოსათვლელი გვყავს.

შეიარაღებული ძალებიდან პოლკოვნიკის დათხოვნა პრეზიდენტის გარდა შეუძლია შესაბამისი უწყების ხელმძღვანელს, აღდგენა კი მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა.

თავდაცვის სამინისტროდან გამოსული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მზად არის რამდენიმე ათეული პოლკოვნიკის შეიარაღებულ ძალებში აღდგენის საქმე, მაგრამ თანხმობას, უკვე მერამდენე თვეა, ხელს არ აწერს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

რა შეიძლება ეწოდოს ამას?

საბოტაჟი ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს რაიმე საქმისთვის ხელის შეშლას გარკვეული ვალდებულებების შესრულებისათვის  თავის არიდებით ან მათი ცუდად შესრულებით.

თავად მკითხველმა განსაზღვროს, პრეზიდენტის მიერ პოლკოვნიკების ქართულ არმიაში დაბრუნების პროცესის შეგნებულად გაჭიანურება არის თუ არა საბოტაჟი.