ვინ რომელ მხარეს დაიცავს?!
30-11-2009
საჭიროა თუ არა, გადაისინჯოს სამხედრო სამსახურის ექსტერიტორიული პრინციპი

ხშირად გამჩენია კითხვა - კოდორის ხეობაში 2 ათასამდე პოლიციელისა და ამაზე მეტი სამხედროს ნაცვლად იქაური სვანები რომ მდგარიყვნენ, ხოლო დიდი ლიახვის ხეობაში, თამარაშენიდან კეხვამდე, სანაკოევის პოლიციელებს კი არ ედარაჯათ, არამედ ადგილობრივ შეიარაღებულ ფორმირებებს, იქნებ ეს ხეობები დროებით მაინც დაგვეცვა; ისინი ერთ-ორ დღეში მაინც იქიდან არ გამოიქცეოდნენ, მით უმეტეს, რომ მანამდე, 16 წლის განმავლობაში, მტერი თავიანთ სოფლებში არ შეუშვიათ...
დღეს ქართულ არმიაში არის
სახმელეთო ჯარების 5 ქვეითი და 2 საარტილერიო ბრიგადა, სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, სხვადასხვა ადგილას დისლოცირებულია სადაზვერვო, საინჟინრო და ლოჯისტიკის დანაყოფები...
ერთ-ერთი ყველაზე დიდი და, ამასთანავე, ფარული პრობლემა ის არის, რომ კახელს არ უნდა სენაკის ბრიგადაში სამსახური, მეგრელს - ვაზიანში და ბათუმელს -
გორში.
არა კუთხურობის გამო (თუმცა, სამწუხაროდ, ხანდახან ასეც არის), არამედ ძალიან მარტივი მიზეზით - 700-ლარიანი კონტრაქტით მომსახურეს უჭირს პარასკევ საღამოს სენაკიდან კახეთში ჩასვლა და კვირა საღამოსთვის ნაწილში დაბრუნება - დროც იხარჯება და, რა თქმა უნდა, ფულიც.
მაგრამ ეს არ არის მთავარი. არის ასეთი მოსაზრება - რატომ მივდევთ საბჭოურ ტრადიციას, როდესაც ქართველს სავალდებულო სამხედრო სამსახური უთუოდ ციმბირში უნდა გაევლო, ხოლო საქართველოში შუააზიელები და რუსები ჩამოჰყავდათ; ხომ შეიძლება საქართველოში ყველამ თავისი კუთხე დაიცვას, რომელსაც გეოგრაფიულადაც კარგად იცნობს?!
ამასთან, გარდა გეოგრაფიულისა, ჩნდება ბრძოლისუნარიანობისა და ბრძოლის ჟინის გამძაფრების კიდევ ერთი მოტივაცია - მე ჩემს სახლს ვიცავ!
ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ახალი ომის შემთხვევაში რა იფიქროს გორთან სანგარში მჯდომმა აჭარელმა, როდესაც გაიგებს, რომ რუსული დიდი სადესანტო ხომალდები გონიოს მიადგნენ და საზღვაო დესანტი გადასხეს - ბოლომდე იბრძოლოს გორის დასაცავად თუ ბათუმში თავისი ოჯახის გასახიზნად გაიქცეს?
კითხვა ბევრია, პასუხები კი საკამათო, რადგან მშობლიურ კუთხეს კაცი უკეთ და მეტი შემართებით დაიცავს. თუმცა ამას აქვს უარყოფითი მხარეებიც.
პირველი, რაც ჩემი თვალით ვნახე 1993 წლის სექტემბრის ბოლოს: როგორც სამხედრო ჟურნალისტი, იძულებული გავხდი, იარაღით ხელში (არადა ჟურნალისტს იარაღის აღების უფლება არა აქვს, რადგან იგი მაშინ კარგავს ჟურნალისტის სტატუსს და ხდება მებრძოლი) მდ. მაჭარკასთან აფხაზეთის სვანეთისკენ მიმავალი გზა დამეცვა, რათა მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტს არ გადაეკეტა. ამ გზით კოდორის ხეობისკენ ლტოლვილთა უწყვეტი ნაკადი მიდიოდა, რომლებსაც სოხუმთან მებრძოლი ადგილობრივები აცილებდნენ. ისინი იძულებულნი იყვნენ, ფრონტის ხაზი მიეტოვებინათ და ახლობლები სამშვიდობოზე გაეყვანათ.
ბევრი უკან, ბრძოლის ველზე ბრუნდებოდა, ბევრიც არა...
მეორე საშიშროება, რაც შეიარაღებული ძალების ტერიტორიული პრინციპით დაკომპლექტებასთანაა დაკავშირებული, გახლავთ კუთხური პრინციპით სამხედრო ამბოხის მოწყობის ალბათობა. სამწუხაროდ, ამის საგანგაშო მაგალითები საკმაოდ გვაქვს: 1993 წლის სამოქალაქო ომი, ან 1998 წლის სენაკის ბრიგადის ნაწილის დაუმორჩილებლობა და ქუთაისისკენ ტანკებითა და ქვემეხით მარში, რასაც შეტაკებაც მოჰყვა...

ომარი
20 დეკემბერი 2009 20:11
ვაი დამარცხებულთ. ადრე უნდა გვეფიქრა ამაზე/ ქვეყანა უნდა გახდეს ერთი დიდი სამხედრო ბანაკი/ წინ კიდევ უფრო დიდი განსაცდელი შეიძლება გველოდეს და ამაზე უნდა ვიფიქროთ, ხოლო ქვეყანას მთლიანად ყველა უნდა იცავდეც - ერიც და ბერიც
აკაკი
20 დეკემბერი 2009 20:06
უნდა ვიმსახუროთ იქ,სადაც სამშობლოს სჭირდება.
აკაკი
20 დეკემბერი 2009 20:01
მთელი საქართველო ყველა ქართველისაა,შესაბამისად ყველამ უნდა დავდგეთ იქ სადაც სამშობლოს სჭირდება.

რედაქტორის რჩევით