კადეტები - იდეა მშვენიერი, შესრულება და შედეგი? - კვირის პალიტრა

კადეტები - იდეა მშვენიერი, შესრულება და შედეგი?

კადეტის მომზადებასა და შემდგომ მის კარიერას მაშინ ექნება აზრი, თუკი ყოველი ახალი მინისტრი თუ შტაბის უფროსი თავისი გუნდის მოყვანით არ ჩაშლის ოფიცრის თანამდებობრივი და წოდებრივი წინსვლის პერსპექტივას...

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და თავდაცვის სამინისტროს შესრულებით რეალური ხდება კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შექმნის შესაძლებლობა.

თავდაცვის სამინისტრო უკვე აქვეყნებს ამ ლიცეუმის ამოცანებსა და მიზნებს. მკაფიოდაა ნათქვამი, რომ კადეტები უნდა მომზადდნენ თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სწავლების გაგრძელებისთვის, ანუ განზრახულია ახალგაზრდა ოფიცრის მომზადების უფრო სერიოზული კურსი, ვიდრე აქამდე იყო. ოქრუაშვილის მინისტრობის დროს იმიტომ გაუქმდა კადეტთა კორპუსი, რომ თურმე ის საბჭოთა გადმონაშთი ყოფილა.

ოთხი წლის შემდეგ ხელისუფლება აპირებს აღადგინოს კადეტის ცნება, მაგრამ ვინმე დაფიქრებულა, რა დავკარგეთ ამ პერიოდში?

რა თქმა უნდა, ძველი კადეტთა კორპუსი, შეიძლება ბევრ კრიტიკას იმსახურებდა, მაგრამ მათი გამოსწორება შეიძლებოდა. კადეტთა კორპუსის გაუქმებით კი საქართველომ და კონკრეტულად ქართულმა არმიამ დაკარგა ასობით ახალგაზრდა ოფიცერი, რომელთაც დღეს კარგი საწყისი სამხედრო მომზადება ექნებოდათ და შეიძლება გამხდარიყვნენ ახალი ფორმირების ქართული არმიის დასაყრდენნი.

აუცილებელია შეიცვალოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის სწავლების კურსიც, რომელიც, ასევე ოთხიოდე წლის წინ, ყოველგვარი მეცნიერული დასაბუთებისა და სამხედრო გათვლების გარეშე რამდენიმე თვემდე შემცირდა და, შესაბამისად, არაეფექტიანი გახდა, ისევე, როგორც აკადემიის კურსდამთავრებული ლეიტენანტების საბრძოლო-თეორიული ცოდნის დონე.

რა თქმა უნდა, ჯობს, როდესაც ხელისუფლება ცნობს თავის შეცდომებს და აპირებს მათ გამოსწორებას.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჩვენი ხელისუფლება ცდილობს ქართულ არმიაში ახალგაზრდა ოფიცრები წინ წამოსწიოს, ძველები კი მოიშოროს, თუმცა ავიწყდება, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის ომებგამოვლილი ოფიცრების მოშორებასთან ერთად დავიწყებას ეძლევა რეალური საბრძოლო გამოცდილებაც. ამის მწარე შედეგი აგვისტოს ომში სრულად მოვიმკეთ.

კადრების განახლება ბუნებრივი პროცესია და ის ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის არმიას ახასიათებს, მაგრამ ეს პროცესი თანამიმდევრულად უნდა მიმდინარეობდეს, როდესაც ძველი თაობა ახალ და ჯერ ბრძოლაგამოუვლელ ოფიცრებს თავის გამოცდილებას გადასცემს. ქართული რეალობა კი არც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ინდობს - ყოველ ახალ თავდაცვის მინისტრსა თუ გენერალური (გაერთიანებული) შტაბის უფროსს თავისი გუნდი მოჰყავს. ერთი მხრივ ეს გასაგებია - უფროსს ის ხელქვეითები მოჰყავს, ვისაც ენდობა და ვისთან ერთადაც წინა სამსახურში უმუშავია, მაგრამ რას ვერჩით იმ ახალგაზრდა თუ არც ისე ახალგაზრდა ოფიცრებს, რომლებსაც მართლაც უყვართ თავისი ქვეყანა, სამხედრო საქმე და ოფიცრის კარიერის გაკეთება სურთ?!

თუ არ შეიცვლება ქართულ არმიაში დამკვიდრებული ეს მავნე ტრადიცია, როდესაც ახალი უფროსი მძღოლის, მდივნისა და დამლაგებლის ჩათვლით მთელ კოლექტივს ცვლის (ხშირად დაუსაბუთებლად), მანამდე აზრი არ ექნება არც კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და არც თავდაცვის ეროვნული აკადემიის დამთავრებას...