ჯავშანჟილეტები, რომლებიც ბრძოლაში ვერ დაგიცავს... - კვირის პალიტრა

ჯავშანჟილეტები, რომლებიც ბრძოლაში ვერ დაგიცავს...

კვირა არ გავა, ქართული არმიის უახლესი ისტორიიდან მორიგი სკანდალი არ გახმაურდეს, იქნება ეს მოძველებული "კალაშნიკოვების" შეძენა, ცუდად გარემონტებული ან საერთოდ გაურემონტებელი ყაზარმები თუ სამხედროთა დამცირება და შეურაცხყოფა. ამ ყველაფერს ბოლო დღეებში ჯავშანჟილეტების შესყიდვის თემაც დაემატა.

თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა საქმე, რომელიც 2009 წელს უკრაინაში 3 ათასი ცალი ჯავშანჟილეტის მილიონ 680 ათას დოლარად შესყიდვას ეხება. ჯავშანჟილეტების გამოცდისას აღმოჩნდა, რომ მათი ხარისხი ჯარის მოთხოვნილებებს არ შეესაბამებოდა. ეს იცოდა თავდაცვის სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, თუმცა, გამოძიების თანახმად, სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა; მეტიც - ჯავშანჟილეტების შემომტანი შპს "ტრეიდ ალიანს ჯგუფის" ანგარიშზე დარჩა თავდაცვის სამინისტროს გადარიცხული 2 მლნ 821 ათასი ლარი, მიუხედავად იმისა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი არ შედგა და არც სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოიწერა.

შესაძლო ფინანსური დანაშაულის ეს ფაქტები მთავარი პროკურატურის გამოსაძიებელია, ჩვენ კი ჯავშანჟილეტების ხარისხზე გავამახვილებთ ყურადღებას.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესყიდული იქნა Телохранитель 3М ტიპის 3000 ჯავშანჟილეტი. ამ ტიპის ჯავშანჟილეტებს უკრაინული ფირმა Темп-3000 აწარმოებს, ისინი მსუბუქია, განკუთვნილია ტანსაცმლის ქვეშ ჩასაცმელად და მათ იყენებენ ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, მაგრამ არა - სამხედროები, რადგან ძირითადად შექმნილია არა ავტომატის ტყვიებისა და ყუმბარების ნამსხვრევების, არამედ პისტოლეტის ტყვიებისგან თავდასაცავად. ეს უკრაინული ფირმა აწარმოებს უფრო მაღალი დონის ჯავშანჟილეტებსაც (მაგალითად, Бронекорсар-ს), რომელთაც ავტომატისა და შაშხანის ტყვიების შეჩერება შეუძლია და ბრძოლებში მონაწილეთათვის არის განკუთვნილი. პირველი დანაშაული სწორედ ის არის, რომ არცოდნის ან შესაძლო ფინანსური მოგების მიზნით თავდაცვის სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ არასაბრძოლო დანიშნულების ჯავშანჟილეტების არცთუ ისე მცირე პარტია შეისყიდა.

შესაძლო დანაშაულებრივი ფინანსური დაინტერესების გარდა ამ სკანდალურ საქმეში უფრო საშიში მხარეც იკვეთება, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის დამცველთა სიცოცხლის არად ჩაგდება, რადგან როცა "კალაშნიკოვებით" მებრძოლი სავარაუდო მტრის წინააღმდეგ შენს ჯარისკაცებს ისეთი ჯავშანჟილეტებით უშვებ, რომლებიც ზოგჯერ პისტოლეტის ტყვიასაც ვერ უძლებს, ორმაგად დამნაშავე ხარ.

უცნაური კი ის გახლავთ, რომ საქართველოში სხვებზე არანაკლებ კარგი ჯავშანჟილეტების დამზადება შეგვიძლია (სხვა თუ არაფერი, ამ სტატიის ავტორი თავად იყო იმის მომსწრე, ჯერ კიდევ 2000 წელს პრაღაში, შეიარაღების გამოფენაზე, NAТO-ს ქვეყნების სამხედროების როგორი მოწონება დაიმსახურა იქ წარდგენილი ქართული ჯავშანჟილეტების ნიმუშებმა) და უკეთესი იქნებოდა, თანხა, რაც საზღვარგარეთ ათასნაირი, ხშირად უხარისხო ჯავშანჟილეტების შეძენაში იხარჯება, ქართული ჯავშანჟილეტების დახვეწასა და მათ სერიულ წარმოებას მოხმარებოდა. თუმცა მაშინ "ატკატებით" ვინღა იხეირებდა?!