მოსკოვი ბაქოს С-300-ებს ისევ აწვდის - კვირის პალიტრა

მოსკოვი ბაქოს С-300-ებს ისევ აწვდის

ოფიციალური ერევნის სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან სომხეთის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა რუსეთმა სომხეთის ყველაზე რეალურ  მოწინააღმდეგეს - აზერბაიჯანს მაინც მიაწოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300.

2012 წლის ბოლოს ბაქო და მოსკოვი უნდა შეთანხმებულიყვნენ აზერბაიჯანში მდებარე გაბალის რადიოლოკაციური სადგურის შემდგომ ბედზე, თუმცა ვერ შეთანხმდნენ არენდის თანხაზე, რის შემდეგაც რუსეთმა უარი თქვა ამ ერთ დროს მნიშვნელოვანი ობიექტის შემდგომ გამოყენებაზე. საბჭოთა პერიოდში გაბალის რადიოლოკაციური სადგური ერთ-ერთი იყო საბჭოთა კავშირის საზღვრების პერიმეტრზე მდებარე იმ შვიდი ობიექტიდან, რომელთაც 5-6 ათასი კმ სიშორიდან შეეძლოთ სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების ადრეული აღმოჩენა.

ბაქო ყოველწლიური არენდისთვის დაახლოებით 300 მლნ დოლარს ითხოვდა, ეს კი მოსკოვისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ არმავირში რუსეთი ანალოგიური დანიშნულების უფრო თანამედროვე, ფაზირებულანტენიან ლოკატორს აშენებს სამხრეთის სექტორის გასაკონტროლებლად. ამ ფუნქციას ადრე სწორედ გაბალის რადიოლოკატორი ასრულებდა.

ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გაბრაზებულმა რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანება გასცა, აზერბაიჯანისათვის აღარ მიეყიდათ სამხედრო ტექნიკა, მათ შორის - თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემები. ინფორმაციისთვის - 2011 წლის აღლუმზე ბაქოში პირველად გამოჩნდა С-300 ПМУ-2 Фаворит-ის ტიპის თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომლებიც აზერბაიჯანმა რუსეთისგან იყიდა.

სომხეთისთვის, რა თქმა უნდა, სასიხარულო არ იქნებოდა, რომ მისმა სტრატეგიულმა პარტნიორმა მისსავე შესაძლო მოწინააღმდეგეს ასეთი ძლიერი საბრძოლო ტექნიკა გადასცა, ამიტომ ერევანში იმედი ჰქონდათ, რომ გაბალის რადიოლოკატორის თემაზე ბაქო-მოსკოვის შეუთანხმებლობა მათ წისქვილზე დაასხამდა წყალს.

5 მარტს რუსულმა კომპანია "როსობორონექსპორტმა" გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონტრაქტის თანახმად, მათ აზერბაიჯანს უკვე მიაწოდეს С-300-ის მორიგი კომპლექსი და კვლავაც გააგრძელებენ აზერბაიჯანში იმ რუსული იარაღის გაგზავნას, რომელშიც ბაქომ ფული გადაიხადა.

С-300 ПМУ-2 Фаворит-ის სისტემას ერთდროულად შეუძლია იმ 36 ცალი საჰაერო სამიზნისკენ საზენიტო რაკეტების გაშვება, რომლებიც 27კმ სიმაღლეზე და 200კმ რადიუსში დაფრინავენ. ამ პარამეტრებს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საჰაერო თავდაცვის სფეროში აზერბაიჯანის შესაძლებლობებს.