პროკურატურა თავდაცვის უწყებაში გრანდიოზულ სკანდალს "ააფეთქებს" - კვირის პალიტრა

პროკურატურა თავდაცვის უწყებაში გრანდიოზულ სკანდალს "ააფეთქებს"

თავდაცვის სამინისტროში 2005-2012 წლების რამდენიმე ასეული მლნ ლარის დანაკლისი შეიძლება აღმოჩნდეს...

როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და მთავარი პროკურატურა ბოლო დროს აქტიურად თანამშრომლობენ, რისი შედეგიც შეიძლება იყოს გრანდიოზული სკანდალი, რაც, სავარაუდოდ, 2005-2012 წლებში სამხედრო ბიუჯეტიდან ასეულობით მლნ ლარის არამიზნობრივ ხარჯვასთან, "ატკატებსა" და უბრალოდ, ქურდობასთან იქნება დაკავშირებული.

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი უკვე აცხადებს, რომ 2005-2007 წლებში თავდაცვის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლისას წინასწარი მონაცემებით გამოიკვეთა რამდენიმე ასეული მლნ ლარის დანაკლისი, თანხის დაზუსტება სარევიზიო აქტებით ხდება და საბოლოო მონაცემებს უახლოეს ხანში აცნობებენ საზოგადოებას.

ეს სწორედ ის არის, რაზეც წლების განმავლობაში ვწერდით როგორც "კვირის პალიტრაში", ისე - "არსენალში" და გამოვთქვამდით ეჭვს, რომ სამხედრო ბიუჯეტი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე მეტად ხელისუფლების წარმომადგენელთა პირად კეთილდღეობასა და ერთი პოლიტიკური პარტიის გაძლიერებას ხმარდებოდა.

საინტერესოა, შეძლებს თუ არა მთავარი პროკურატურა, ბოლომდე ჩასწვდეს იმ სავარაუდო საფინანსო (და არა მარტო) დანაშაულთა სქემას, რომლის საშუალებით იქურდებოდა სამხედრო (და მთლიანად ქვეყნის) ბიუჯეტი.

ცუდი არ იქნებოდა, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და მთავარ პროკურატურას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოთ 2008 წლის აგვისტოს ომის წინა და შემდგომი პერიოდისთვის და შეედარებინათ, რა მატერიალური ფასეულობა ჰქონდა ქართულ არმიას ომამდე და რა დარჩა მას შემდეგ, რა ჩამოიწერა და რა გაფორმდა, როგორც რუსების ნაალაფარი...

მთავარი პროკურორის განცხადებაში რატომღაც არაფერია ნათქვამი 2004 წელზე, რაც კითხვებს ბადებს, მით უმეტეს, რომ მთელი ამ წლის განმავლობაში სამხედრო დაძაბულობა იყო ჯერ აჭარაში, შემდეგ - ცხინვალის რეგიონში, რომელიც საბოლოოდ მცირემასშტაბიან ომშიც კი გადაიზარდა. ამიტომ საინტერესოა, 2004 წელს როგორ იხარჯებოდა თავდაცვის სამინისტროს (რომელშიც იმ წელს სამი მინისტრი შეიცვალა) მატერიალური რესურსები, მით უფრო, რომ მაშინ სახელმწიფოს უზარმაზარ თანხას ჩრდილში მყოფი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ურიცხავდა.

ჩვენ ამის შესახებ რომ დავწერეთ, მაღალჩინოსნების გულისწყრომა დავიმსახურეთ - ნუ ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ არმიას ეხმარება, თორემ კრემლი რუსეთში მის ბიზნესს პრობლემებს შეუქმნისო...

ვფიქრობთ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები 2004 წელსაც საკუთარი შეხედულებისამებრ ხარჯავდნენ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართული არმიისთვის გადმორიცხულ მილიონებს, მომდევნო წლებში კი ამ დანაშაულებრივმა ტენდენციამ ფრთები შეისხა და გრანდიოზული გაქანება შეიძინა...