როდის ექნება ატომური ბომბი ირანს?! - კვირის პალიტრა

როდის ექნება ატომური ბომბი ირანს?!

აშშ და ისრაელი ვერ თანხმდებიან, როდის შექმნის ბირთვულ იარაღს თეირანი

ისრაელში ოფიციალური ვიზიტის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სპეციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ უახლოეს ერთ წელიწადში ირანი ვერ შეძლებს ბირთვული ბომბის შექმნას. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მანამდე გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ 2013 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში ირანი გადააბიჯებს "წითელ ხაზს" - ამ დროისთვის მას უკვე ექნება ბირთვული იარაღი, რასაც ისრაელი არ დაუშვებს და "მიიღებს სათანადო ზომებს".

როგორც ჩანს, ამერიკულ მხარეს სურს, დაამშვიდოს ისრაელის ხელისუფლება, რათა ამ უკანასკნელმა ძალისმიერი მეთოდებით არ სცადოს ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება.

ამერიკული მხარის მტკიცებით, გაეროს ეკონომიკური სანქციები ირანის მიმართ წარმატებით მოქმედებს, თუმცა ამ აზრს არ იზიარებენ ისრაელში და მიაჩნიათ, რომ ასეთი სანქციები ვერაფერს აკლებს ირანის ბირთვულ პროგრამას, პირიქით, თეირანი დროს იგებს ბირთვული წარმოების ობიექტების ღრმად მიწის ქვეშ გადასატანად.

მიწის ქვეშ განთავსებულ ირანის ატომურ ობიექტებს ჩვეულებრივი (ტროტილის, ჰექსოგენის) ქობინის მქონე ფრთოსანი რაკეტები და ბომბები ვერაფერს დააკლებს და მათი განადგურება მხოლოდ ბირთვულქობინიანი რაკეტებით იქნება შესაძლებელი.

ისრაელის შეიარაღებაში არის როგორც ბალისტიკური, ისე წყალქვეშა ნავების ფრთოსანი რაკეტები. მათზე შეიძლება ბირთვული ქობინების დამონტაჟება, რომელთა შეიარაღებაში არსებობას ისრაელის ხელმძღვანელობა დღემდე არც უარყოფს და არც ადასტურებს.

თეთრ სახლში არ სურთ ირანთან ომის დაწყება, რაც, ერაყისა და ავღანეთის ომების შემდეგ, საბოლოოდ ააფეთქებს ამ რეგიონს. უახლოეს წლებში პენტაგონის ძირითადი ამოცანაა სამხედრო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემცირება, რის ფონზეც ახალ საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმა ძნელად წარმოსადგენია.

ისრაელს ისეთი სამხედრო ოპერაციის ჩატარება, რომელიც მრავალი წლით შეაფერხებს ირანის ბირთვულ პროგრამას, არ ძალუძს სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის გარეშე.

ამ ჩაკეტილი წრიდან ჯერჯერობით მოგებას ნახულობს თეირანი, რომელიც მართალია, არ ადასტურებს, მაგრამ სავარაუდოდ, მართლაც ქმნის ბირთვულ ასაფეთქებელ მოწყობილობას. პირველი საცდელი ნიმუშის დახვეწიდან ნამდვილი საბრძოლო ბირთვული ქობინის ან ბირთვული ბომბის დამზადებამდე რამდენიმე წელი მაინცაა საჭირო. ამიტომაც იმის მტკიცება, რომ ირანს უკვე წელს და მით უმეტეს - ორ-სამ თვეში შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეს, ძნელია. თუმცა თუკი თეირანმა ასეთივე ტემპით გააგრძელა თავისი ბირთვული პროგრამა, ორ-სამ წელში ეს სავსებით შესაძლებელი გახდება.

ირანში ბირთვული იარაღის გამოჩენა მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა ბალანსს ახლო აღმოსავლეთში, თუნდაც იმიტომ, რომ ისრაელი თავისი პატარა ტერიტორიით აღმოჩნდება ირანული ბირთვული ქობინების სამიზნე არეალში და ეს აღარ იქნება ნახევრად კუსტარული "კასამის" რაკეტები, რომლებიც ისრაელის მცხოვრებლებს მხოლოდ აშინებს.