რითი სჯობს ქართული ავტომატი ამერიკულს... - კვირის პალიტრა

რითი სჯობს ქართული ავტომატი ამერიკულს...

ქართული G5 - სიზუსტე M4-ის, საიმედოობა AKM-ის...

დღეისათვის ქართული არმიის საბრძოლო დანაყოფები ძირითადად ამერიკული ფირმა "ბუშმასტერის" წარმოებული M4-ის ტიპის ავტომატური საიერიშო კარაბინებით არიან აღჭურვილი, თუმცა არმიის შეიარაღებაში რჩება საბჭოთა წარმოების "კალაშნიკოვებიც".

"კალაშნიკოვი" განთქმულია თავისი საიმედოობით, მაგრამ სროლის სიზუსტეში მოიკოჭლებს (თუმცა კარგი მსროლელისთვის დამიზნება ძნელი არ უნდა იყოს); ამერიკული  M4 სროლის სიზუსტით გამოირჩევა, სამაგიეროდ, მის საიმედოობასთან დაკავშირებით ჩნდება ბევრი კითხვა.

M4-ის, ისევე, როგორც მისი წინამორბედის, ავტომატური საიერიშო შაშხანა M16-ის აქილევსის ქუსლად მიჩნეულია აირგადამტანი მილაკი, რომლის საშუალებითაც გასროლის შემდეგ აირის ნაკადი უშუალოდ საკეტისკენ მიემართება და გადატენის ოპერაციას ახორციელებს. ეს მილაკი ინტენსიური სროლის დროს ნამწვით იბინდება და აირის გატარებას უშლის ხელს, რაც აფერხებს გადატენის ოპერაციის სრულფასოვნად განხორციელებას.

M4-ის ეს "საფირმო ავადმყოფობა" არა მარტო ქართველი სამხედროების, არამედ მსოფლიოს ყველა იმ ქვეყნის არმიისთვისაა ცნობილი, რომლებსაც ეს ავტომატური იარაღი აქვთ.

რამდენიმე წლის წინ ცნობილმა გერმანულმა იარაღის ფირმა "ჰეკლერ კოჰმა" ამერიკელებს შესთავაზა HK416-ის ტიპის ავტომატური საიერიშო შაშხანა, რომელიც თითქმის M4-ის იდენტური გახლდათ, მხოლოდ ერთი დეტალი იყო განსხვავებული - გერმანელებმა აირგადამტანი მილაკის ნაცვლად მას G36 ტიპის ავტომატიდან აღებული მცირე მანძილზე მოძრავი აირდგუში დაუყენეს, რამაც აღმოფხვრა M4-ის მთავარი პრობლემა.

საქართველოში წარმოებული და ამჟამად საგამოცდოდ მომზადებული ქართული ავტომატი G5, ფაქტობრივად, გერმანული  HK416-ის კლონია და უფრო საიმედო ავტომატიკა აქვს, ვიდრე ამერიკულ M4-ს.

ამ სტატიის ავტორს მიეცა საშუალება, თავად გამოეცადა ეს იარაღი. ავტომატი სროლისას  M4-ის იდენტურია, მთავარ განსხვავებას - სროლის დროს საიმედოობას - კი ის ქართველი სამხედროები შეიგრძნობენ, ვისაც ბრძოლის დროს ინტენსიური სროლა მოუწევთ.

G5-ს (სხვათა შორის, მას თავიდან G13 ერქვა, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს, ალბათ, გასაგები მიზეზების გამო, მას სახელი სწორედ ასე შეუცვალეს) ქართული იმიტომ შეიძლება დავარქვათ, რომ მასში გამოყენებული თითქმის ყველა დეტალი და, რაც მთავარია, ლულა, საქართველოშია დამზადებული, რაშიც ქართულ მხარეს ერთ-ერთი ქვეყნის იარაღის მწარმოებელი ფირმა დაეხმარა.

ადრე თუ გვიან ქართული არმია ერთ საშტატო ვაზნასა და ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე უნდა გადავიდეს, რაც გააადვილებს ლოგისტიკურ მომსახურებასაც. ამ მხრივ G5-ის მომავალი ძალზე პერსპექტიულია და არა მარტო ქართული არმიის შესაიარაღებლად.