ყველაზე გახსნილი სწავლება მედიისთვის - კვირის პალიტრა

ყველაზე გახსნილი სწავლება მედიისთვის

"კვირის პალიტრის" ამ ნომრის გამოსვლა დაემთხვევა 18 მარტს ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების  Agile Spirit 2013-ის აქტიური ფაზის დაწყებას.

ამ ტიპის სამხედრო სწავლება საქართველოში მესამედ ტარდება და ამჯერად აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის 350 სამხედროსთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებს ქართული არმიის სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი.

სწავლების ხანგრძლივობა ერთი თვეა, თუმცა მისი აქტიური ფაზა გაიმართება 18-დან 29 მარტამდე, რომლის დროსაც ორივე ქვეყნის მებრძოლები საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას დახვეწენ ავღანეთში ISAF-ის მისიის მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით.

23-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა უკვე იმყოფებოდა ავღანეთში და არ უნდა გაუჭირდეს ამ სწავლებაში მონაწილეობა, რადგან მათ გამოცადეს ავღანური პარტიზანული ომი, რომელიც, საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ გამოიარეს.

ამ სწავლებაში მისასალმებელი სიახლეა ის, რომ ქართული მასმედიის წარმომადგენლებს არა მარტო დაასწრებენ სწავლების ზოგიერთ ეტაპს, არამედ ჟურნალისტები საბრძოლო მოქმედებების ზონაში მუშაობისას უსაფრთხოების წესების დაცვისთვის სპეციალურ მომზადებასაც გაივლიან.

სამხედრო ჟურნალისტი, რომელსაც ექსტრემალურ პირობებში უწევს თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულება, ყოველთვის საფრთხეში იგდებს თავს. ამაზე ის ტრაგიკული შემთხვევებიც მეტყველებს, რაც აფხაზეთისა და სხვა ომებში არაერთხელ მომხდარა.

გარდა უსაფრთხოების წესებისა (როგორ გადაადგილდნენ ჟურნალისტები დანაღმულ ველებზე ან ცეცხლის ხაზზე მოხვედრისას, როგორ მოიქცნენ საჰაერო თუ საარტილერიო დაბომბვისას), ურიგო არ იქნებოდა, ქართული მასმედიის წარმომადგენლები უკეთესად ერკვეოდნენ სამხედრო საკითხებშიც, რათა ამ თემაზე მუშაობისას თავიდან აიცილონ უხერხული და სახიფათო შეცდომები.