"სამხედრო პოლიცია მინი შსს იყო"
25-03-2013
ანუ ვანოს ბაჩო უსმენდა და პირიქით?!

პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მიწვეულმა თავდაცვის მინისტრმა სხვა ინფორმაციებთან ერთად ერთი საინტერესო რამ განაცხადა - სამხედრო პოლიციაში მინი შს სამინისტრო იყო შექმნილიო...

ეს სრული სიმართლეა, რაზეც გასულ წლებში არაერთხელ დაგვიწერია. შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს დაქვემდებარებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ამა თუ იმ თავდაცვის მინისტრის კონკრეტულ და ხშირად უკანონო დავალებებს ასრულებდა.
სამხედრო პოლიციის განკარგულებაში იყო  თვალთვალისა და მოსმენის თანამედროვე რადიოელექტრონული და კომპიუტერული ტექნიკა, რომლის
შეძენა და განახლება ძალზე ძვირი დაუჯდა ქვეყანას.

ამასთან, იმის ნაცვლად, რომ ეს აპარატურა სავარაუდო მოწინააღმდეგის გასაკონტროლებლად გამოეყენებინათ, მას, ძირითადად, პოლიტიკურ ოპონენტებსა და ჟურნალისტებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებდნენ, რაც ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში სკანდალის საფუძველი  გახდებოდა.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ფუნქციებში შედიოდა სამხედრო მზადყოფნის შემოწმება, რაც ლოგიკას არ ექვემდებარება
- ტანკისტებისა თუ არტილერისტების საბრძოლო მომზადების დონის განსაზღვრა, შეცდომების აღმოჩენა, ამოცანების დასახვა სამხედრო პოლიციას არათუ პრაქტიკულად, თეორიულადაც არ შეეძლო. სამაგიეროდ, ყველა სამხედრო დანაყოფში "მოსუნსულე" სამხედრო პოლიციელებისM ნაწილი აგროვებდა ინფორმაციას, ვინ რა თქვა, ვისზე იჭორავა, როგორი განწყობა აქვს პირად შემადგენლობას და ა.შ.

უფრო მეტიც, არსებობს დიდი ეჭვი, რომ სამხედრო პოლიციის ხელთ არსებული მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა უშუალოდ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას დავალებით რამდენჯერმე გამოიყენეს მისი ყოფილი კოლეგის, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და მისი გუნდის წევრების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოსაპოვებლად. ასეთი დავალების შესასრულებლად სანქციას, ცხადია, მოსამართლე ვერ გასცემდა.

თავის მხრივ, ალბათ, არც მერაბიშვილის უწყების ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი აკლებდა ხელს და დიდი სიამოვნებით აგროვებდა ინფორმაციას ბაჩო ახალაიაზე, რომლის ძალაუფლება 2009 წლის ზაფხულიდან 2012 წლის ზაფხულამდე განსაკუთრებით განმტკიცდა, ეს კი მერაბიშვილისთვის არცთუ სასიამოვნო გახლდათ.

როდესაც რომელიმე მინისტრის ხელში აღმოჩნდება "საინტერესო სათამაშო", რომლის საშუალებითაც სხვების საიდუმლოს გაგება შეიძლება, ცდუნების დაძლევა ძნელია.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, თითქოს მისი კომპიუტერის გაკონტროლებას და ინფორმაციის მოპოვებას თბილისიდან, თავდაცვის სამინისტროდან ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც ცდილობდნენ. ეს ძალზე სერიოზული ბრალდებაა მოქმედი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მიმართ და მან ხელი უნდა შეუწყოს ობიექტურ გამოძიებას, რათა დადგინდეს - მართლაც იყო ინფორმაციის მოპოვების მცდელობა თუ ეს ცილისწამებაა.

თავის მხრივ, არც ის იქნებოდა ურიგო, ირაკლი ოქრუაშვილსაც გაეცა კითხვაზე პასუხი - მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში სამხედრო პოლიცია თუ სამხედრო დაზვერვა ხომ არ უსმენდა და უთვალთვალებდა სამხედრო თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს?!
koba
26 მარტი 2013 20:10
ვანო,-ბაჩოს
ბაჩო,-ვანოს
ორივე სააკაშვილს უსმენდა და იღებდა :D

დადონ ეგ მასალა
იქნებ შეიმსუბუქონ სასტიკი განაჩენი

რედაქტორის რჩევით