ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანა - კვირის პალიტრა

ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანა

კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ჩრდილო კორეის მიერ ანულირებულია 60 წლის წინ დადებული ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტისა და სეულთან დაზავების შესახებ.

ამასთან ერთად, ჩრდილო კორეის ახალგაზრდა ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბრძანება გასცა, სტრატეგიული დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები დაემიზნებინათ როგორც სამხრეთ კორეის, ისე - ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

ფხენიანის ასეთი რადიკალური ნაბიჯები გამოიწვია იმ ორმა ერთობლივმა სამხედრო სწავლებამ, რომლებიც სამხრეთ კორეამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მარტში წამოიწყეს. ამ სწავლებათა ფარგლებში კორეის ნახევარკუნძულის პოლიგონებს ბომბავენ ამერიკული სტრატეგიული დანიშნულების B-52 და B-2 ბომბდამშენები, რაც კომუნისტური ჩრდილო კორეის ხელმძღვანელობამ მათზე თავდასხმის წინა ეტაპად აღიქვა.

სიტუაცია ძალიან დაიძაბა, თუმცა საკითხავია, გაბედავს თუ არა ფხენიანი ვა-ბანკზე წასვლას და მიაყენებს თუ არა სარაკეტო დარტყმას სამხრეთ კორეას და იქ განთავსებული ამერიკულ სამხედრო ბაზებს.

რაც შეეხება ჩრდილო კორეიდან ჩრდილო ამერიკის კონტინენტის ბალისტიკური რაკეტებით  დაბომბვას - ეს ამ ეტაპზე ძნელი წარმოსადგენია, რადგან თუნდაც ლოს-ანჯელესამდე 9 ათას კმ-ზე მეტია და ფხენიანს ამ სიშორეზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები ჯერჯერობით არ გააჩნია.

მეორე მხრივ, 2012 წლის 12 დეკემბერს ჩრდილო კორეამ პირველად წარმატებით გაუშვა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი, რაც მიანიშნებს, რომ ფხენიანს უკვე შეუძლია თუნდაც თითო-ოროლა საკონტინენტთაშორისო მოქმედების რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტის აწყობა.

2013 წლის 12 თებერვალს განხორციელებული მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა კი იმის მაჩვენებელია, რომ კომუნისტმა კორეელებმა ბირთვული ჯაჭვური რეაქციის საიდუმლოებაც ამოიცნეს, თუმცა რაკეტის ქობინში დასაყენებელი შედარებით მინიატიურული გაბარიტების ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება მათ ჯერჯერობით ვერ უნდა შეძლონ.

სეულიც და ვაშინგტონიც ძალზე სერიოზულად მიუდგნენ ფხენიანის მუქარას და როგორც ჩანს, უკან დახევას არ აპირებენ, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დაძაბოს სიტუაცია რეგიონში.