ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანა
01-04-2013
ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანა
კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ჩრდილო კორეის მიერ ანულირებულია 60 წლის წინ დადებული ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტისა და სეულთან დაზავების შესახებ.

ამასთან ერთად, ჩრდილო კორეის ახალგაზრდა ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბრძანება გასცა, სტრატეგიული დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები დაემიზნებინათ როგორც სამხრეთ კორეის, ისე - ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

ფხენიანის ასეთი რადიკალური ნაბიჯები გამოიწვია იმ ორმა ერთობლივმა სამხედრო სწავლებამ, რომლებიც სამხრეთ კორეამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მარტში წამოიწყეს. ამ სწავლებათა ფარგლებში კორეის ნახევარკუნძულის პოლიგონებს ბომბავენ
ამერიკული სტრატეგიული დანიშნულების B-52 და B-2 ბომბდამშენები, რაც კომუნისტური ჩრდილო კორეის ხელმძღვანელობამ მათზე თავდასხმის წინა ეტაპად აღიქვა.

სიტუაცია ძალიან დაიძაბა, თუმცა საკითხავია, გაბედავს თუ არა ფხენიანი ვა-ბანკზე წასვლას და მიაყენებს თუ არა სარაკეტო დარტყმას სამხრეთ კორეას და იქ განთავსებული ამერიკულ სამხედრო ბაზებს.

რაც შეეხება ჩრდილო
კორეიდან ჩრდილო ამერიკის კონტინენტის ბალისტიკური რაკეტებით  დაბომბვას - ეს ამ ეტაპზე ძნელი წარმოსადგენია, რადგან თუნდაც ლოს-ანჯელესამდე 9 ათას კმ-ზე მეტია და ფხენიანს ამ სიშორეზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები ჯერჯერობით არ გააჩნია.
მეორე მხრივ, 2012 წლის 12 დეკემბერს ჩრდილო კორეამ პირველად წარმატებით გაუშვა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი, რაც მიანიშნებს, რომ ფხენიანს უკვე შეუძლია თუნდაც თითო-ოროლა საკონტინენტთაშორისო მოქმედების რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტის აწყობა.

2013 წლის 12 თებერვალს განხორციელებული მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა კი იმის მაჩვენებელია, რომ კომუნისტმა კორეელებმა ბირთვული ჯაჭვური რეაქციის საიდუმლოებაც ამოიცნეს, თუმცა რაკეტის ქობინში დასაყენებელი შედარებით მინიატიურული გაბარიტების ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება მათ ჯერჯერობით ვერ უნდა შეძლონ.
სეულიც და ვაშინგტონიც ძალზე სერიოზულად მიუდგნენ ფხენიანის მუქარას და როგორც ჩანს, უკან დახევას არ აპირებენ, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დაძაბოს სიტუაცია რეგიონში.
ფორსმაჟორი
05 აპრილი 2013 11:10
კარგს იზავენ თუ რამოდენიმე რაკეტას შტატებს "აჩუქებენ" იქნებ მაშინ მაინც მოვიდნენ აზრზე ამერიკოსები, რომ მსოფლიო მატ ტინგიცს არ მოითმენს და გრძელ ცხვირს მოტეხავენ.
devidzabe
02 აპრილი 2013 18:11
დემოკლატიააააააა !!!
barrett-Z1M1
02 აპრილი 2013 15:38
კორეასაც დააჩოქებენ,ირანსაც და რუსებსაც ზედ მიაყოლებენ!!!

რედაქტორის რჩევით