რუსული "ალიაქოთი" შავ ზღვაში - კვირის პალიტრა

რუსული "ალიაქოთი" შავ ზღვაში

ადვილი წარმოსადგენია, რა განიცადეს NATO-ს სადაზვერვო სტრუქტურებმა, როდესაც 28 მარტს, დილის 4 საათიდან უზარმაზარი რუსული სამხედრო მანქანა მოულოდნელად ამოქმედდა და შავი ზღვის აკვატორიაში ფართომასშტაბიანი სწავლებები დაიწყო.

ოფიციალური რუსული წყაროების თანახმად, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, დილის 4 სთ-ზე გააღვიძეს თავდაცვის მინისტრი შოიგუ და საიდუმლო კონვერტი გადასცეს შავი ზღვის ფლოტში დაუყოვნებლივი სამხედრო სწავლების დაწყების ბრძანებით.

მართლაც ასე იყო, თუ ეს მორიგი რუსული სახელმწიფო პიარია, ძნელი სათქმელია. ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ უკრაინის  საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს წამოსცდა, მოსკოვმა კიევი ექვსი დღით ადრე გააფრთხილა სევასტოპოლში ბაზირებული რუსული შავი ზღვის ფლოტის შენაერთებში მოულოდნელი განგაშის გამოცხადების თაობაზეო. ამიტომ ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ განგაშის შესახებ წინასწარ არ სცოდნოდა თავდაცვის მინისტრ შოიგუსა და შავი ზღვის ფლოტის სარდლობას.

თუმცა ეს რუსეთის სამხედრო უწყების შიდა პრობლემებია. ჩვენთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად ემუქრებოდა საქართველოს 7 ათასი რუსი სამხედრო, 250 ტანკი და ჯავშანმანქანა, საცეცხლე პოზიციებზე დაყენებული 50 საარტილერიო დანადგარი, ჰაერში აფრენილი 20 საბრძოლო თვითმფრინავი და შვეულმფრენი და შავ ზღვაში გასული 30-მდე სამხედრო მცურავი საშუალება, მათ შორის - ოთხი დიდი სადესანტო ხომალდი.

ასეთი სწავლება რუსეთს ერთი და მით უმეტეს - ორი-სამი წლის წინ რომ მოეწყო, მაშინ მართლაც უნდა გვქონოდა შეშფოთების საფუძველი, თუნდაც იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ფაქტორი კრემლს ყოველთვის გამოადგებოდა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განახლების საფუძვლად.

გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგმა ეს საბაბი მოსკოვს თუ მთლიანად არ მოუსპო, ძალზე მნიშვნელოვნად მაინც შეუსუსტა. ამიტომაც შიში, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მანევრები საქართველოს სანაპიროზე საზღვაო დესანტის გადმოსხმით დამთავრდება, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, ამ ეტაპზე უსაფუძვლოა.

რუსეთის მოულოდნელი მანევრების გამო ღელვის საფუძველი ჩვენზე მეტად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აქვს, რომელსაც არ გააჩნია არავითარი საფუძველი, მოსკოვს წაუყენოს პრეტენზია, თუ რატომ არ ჩააყენა NATO საქმის კურსში. საქმე ის არის, რომ თუკი სწავლებაში 9 ათასზე ნაკლები სამხედრო მონაწილეობს, სახელმწიფო ვალდებული არ არის, მეზობელ ქვეყნებს წინასწარ აცნობოს დაგეგმილი სამხედრო სწავლებების შესახებ. მოსკოვმა ამ სწავლებებზე 7 ათასზე მეტი სამხედრო არ გამოიძახა სწორედ იმიტომ, რომ დასავლეთისთვის კრიტიკის საბაბი არ მიეცა.