ტუალეტების დალაგება - ქართული არმიის მუდმივი პრობლემა - კვირის პალიტრა

ტუალეტების დალაგება - ქართული არმიის მუდმივი პრობლემა

5 აპრილს, საღამოს, ჯერ საქართველოს, ხოლო შემდგომ რუსეთის ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 60-80-მა რეკრუტმა (რუსულ მასმედიაში 200-მდეც კი ავიდნენ) უარი თქვა პალდოს საველე მომზადების ბაზაზე ტუალეტების დალაგებაზე და სამხედრო ნაწილი დატოვა.

ეს ფაქტი დღეს უკვე ოპოზიციაში გადასულმა "ნაციონალებმა" და მათმა საპარლამენტო უმცირესობამ ხელზე დაიხვია და შეეცადა, საზოგადოებისთვის ეცნობებინა, თითქოს ახალი მთავრობის ხელში ჯარიდან სამხედროები გარბიან. ასეთი პოლიტიკური შეფასება მათ სინდისზე იყოს, მაგრამ პალდოს ბაზიდან 67 ახალგაზრდა გაიქცა და არა - სამხედრო, რადგან მათ ჯერ ახალი დაწყებული ჰქონდათ BCT-ის (საწყისი საბრძოლო მომზადების) პროგრამა და ისინი ჯერ კიდევ რეკრუტები იყვნენ და არა - სრულფასოვანი სამხედროები.

Bჩთ-ის პროგრამა 10-კვირიანია, ხოლო ამ რეკრუტებმა მომზადება კრწანისის სასწავლო ცენტრში მხოლოდ 25 მარტს დაიწყეს, სადაც ტუალეტების დალაგება თავად უწევდათ.

ისინი 5 აპრილს, დილის 11 საათისთვის გადაიყვანეს პალდოს ბაზაზე, სადაც სერჟანტმა დაათვალიერებინა ბაზის ინფრასტრუქტურა, მათ შორის - ტუალეტებიც და აუხსნა, რომ იქ სისუფთავის დაცვა სწორედ რეკრუტების მოვალეობა იყო.

ამჟამად სამხედრო პოლიცია მოკვლევას აწარმოებს და იმედია, ინციდენტის მიზეზი საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი, ჩვენ კი მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ 67-მა რეკრუტმა მალევე დატოვა პალდოს ბაზა, თუმცა მანამდე მათ წერილობით მიუთითეს, რომ პრეტენზია არ ჰქონდათ მეთაურობასთან, უბრალოდ, ტუალეტებს არ დაალაგებდნენ(?!).

ტუალეტების დალაგება-არდალაგება ქართული არმიის მუდმივი პრობლემა იყო (მანამდე იმ ქართველებისთვის, ვინც საბჭოთა ჯარში მსახურობდა), რომლის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა დამლაგებლების დაქირავება გახლდათ. ბევრ სამხედრო ნაწილში დღეს ასეცაა, მაგრამ საველე ბაზაზე დამლაგებლების წაყვანა მეტისმეტია.

შეიძლება ერთი მხრივ კარგიც იყოს, ზოგიერთი რეკრუტი 10 დღეში რომ მიხვდა, არმიისთვის არ გამოდგებოდა და მანამდე "უშველა" თავს, ვიდრე თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს გააფორმებდა - მაშინ ხომ ასე ხელაღებით ვეღარ დატოვებდა სამხედრო ნაწილს...

P.S. ინციდენტის მეორე დღეს, 6 აპრილს, 67 ყოფილი რეკრუტიდან სამი უკან დაბრუნდა და ბოდიში მოიხადა, 30-ზე მეტს კი ამის გაკეთება სურდა...