რატომ უნდა გამოვიძიოთ აგვისტოს ომის დეტალები... - კვირის პალიტრა

რატომ უნდა გამოვიძიოთ აგვისტოს ომის დეტალები...

თუნდაც იმიტომ უნდა გამოვიძიოთ, რომ 170 დაღუპული სამხედროს ოჯახებმა და შვილებმა გაიგონ, მათი ახლობლები იმდროინდელი პოლიტიკოსებისა და სამხედრო მეთაურების შეცდომებს ხომ არ შეეწირნენ

2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ბოლო დროს აქტუალური გახდა 2008 წლის აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზების გამოძიების განახლების საკითხი, რასაც პრეზიდენტი სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ამ საქმის ხელახალი გამოძიება ავნებს საქართველოს დამოუკიდებლობას და საბოლოდ დაგვაკარგვინებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს.

"ნაციონალების" განცხადებით, როდესაც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზებისა და პერიპეტიების ხელახალი გამოძიების ინიციატივით გამოდის, ამით რუსეთს კოჭს უგორებს და სურს აგრესორ ქვეყნად რუსეთის ნაცვლად საქართველო წარმოაჩინოს.

2008 წლის აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზების ობიექტურ გამოძიებას ჩვენ ომის დასრულების დღიდან მოვითხოვთ. მაშინ სააკაშვილსა და ივანიშვილს ჯერ კიდევ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. ჩვენ დიდად არ გვაინტერესებს, გამოძიების შემდეგ რას იტყვიან რუსეთში, ევროპაში თუ ამერიკაში. მთავარია, ომში დაღუპული 170 სამხედროს, ასევე შსს-ს თანამშრომლებისა და რიგითი მოქალაქეების შვილებმა, ბოლოს და ბოლოს, გაიგონ, მათი მშობლების დაღუპვა მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და სამხედრო მეთაურობის შეცდომების ბრალი ხომ არ არის.

"ნაციონალებს" იმაზე უნდათ აქცენტის გადატანა, რომ ხელახალი გამოძიების (უფრო სწორად კი შეჩერებული გამოძიების განახლების) ინიციატორებს თითქოს აგრესორ ქვეყნად საქართველოს დასახელება სურთ.

არა, ბატონებო, არავინ კამათობს, რომ რუსეთი აგრესორია და მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი. გამოძიების განახლების მიზანი იმის დადგენაა, შეგვეძლო თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება, რომ არ მიგვეღო ისეთი საშვილიშვილო პრობლემა, რასაც ტერიტორიების სამუდამოდ ჩამოჭრის უდიდესი საფრთხე ჰქვია.

აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზების ობიექტური გამოძიების განახლებისადმი "ნაციონალების" თავგანწირული წინააღმდეგობა ძალაუნებურად ბადებს ეჭვს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გუნდს ეშინიათ სიმართლის დადგენა, რასაც შეიძლება მათი პასუხისგების საკითხის დასმა მოჰყვეს.

კითხვა კი მაშინდელ პოლიტიკურ ხელისუფლებასთან, ისევე როგორც სამხედრო მეთაურობასთან, საკმარისზე მეტია:

- ომის შემდგომ პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდი აცხადებდა, რომ არ ელოდნენ რუსეთის ჩართვას ომში. რატომ არ გაითვალისწინა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ომამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, 2008 წლის 9 ივლისს (იმ დღეს თბილისს აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი სტუმრობდა) რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის გამაფრთხილებელი განცხადება იმის შესახებ, რომ ცხინვალის თავზე მართლაც რუსული საბრძოლო თვითმფრინავები ბარაჟირებდნენ და ამით მოსკოვმა შეაჩერა თბილისის ჩაფიქრებული თავდასხმა ცხინვალზე? ეს იყო რუსეთის პირველი ოფიციალური აღიარება (დაწყებული 1992 წლიდან, როცა რუსული ავიაცია ინკოგნიტოდ ბომბავდა ქართულ მიწებს), რომ სუვერენული საქართველოს საჰაერო სივრცე მისმა საბრძოლო თვითმფრინავებმა შეგნებულად დაარღვიეს ოფიციალური თბილისის გასაფრთხილებლად.

ნუთუ მარტო ეს არ კმაროდა იმის გასაანალიზებლად, რომ ცხინვალის რეგიონში ან აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებული ძალები აუცილებლად (ან ძალიან დიდი ალბათობით) ჩაებმებოდნენ ომში და, ბუნებრივია, არა ჩვენს სასარგებლოდ?

- 2008 წლის 7 აგვისტოს მიწურულს ცხინვალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების მიმართულებით ქართული არტილერიის ინტენსიურმა ცეცხლმა (რაც უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანება იყო) ომის პირველივე წუთებიდან საქართველოს წააგებინა საინფორმაციო ომი. ქართული ტელევიზიების მიერ გადაღებული და ფართოდ ტირაჟირებული ამ საარტილერიო ზალპების ვიდეოფირები რუსეთის მასმედიამ ღამის ცხინვალის ვიდეოფირს მიაბა და დაიწყო მსოფლიოს დარწმუნება, რომ საქართველოს ინტენსიურმა საარტილერიო ცეცხლმა "მშვიდობიან" და მძინარე ცხინვალში 1500 მშვიდობიანი მოსახლე იმსხვერპლა (შემდგომ დღეებში ეს ციფრი 2500-მდეც გაიზარდა). ვიზუალური ეფექტი და რაც მთავარია, შედეგიანი ინფორმაციული დარტყმა მიღებულ იქნა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ღამიGთ  ქართული არტილერიის ზალპები მარტო ცხინვალისკენ არ იყო მიმართული და "გრადების" მსხვრევად-ფუგასურ რაკეტებს არ შეეძლოთ შენობებში და მით უმეტეს, სარდაფებში მყოფი (ის, ვინც დარჩა ცხინვალიდან მოსახლეობის წინასწარი ევაკუაციის შემდეგ) ხალხის დაშავება.

- ვის თავში დაიბადა მანიაკური იდეა, რომ ცხინვალში სასწრაფოდ დაედგათ ტრიბუნა, აღემართათ 2 ათასი ქართული დროშა და პირდაპირი სატელევიზიო ჩართვით მთელი მსოფლიოსთვის ეცნობებინათ კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა?

სწორედ ამ წმინდა პოლიტიკური-მანიაკური იდეის განხორციელების გამო ხომ არ შეიცვალა შეტევის მიმართულებები და მე-4 ქვეითი ბრიგადა დასავლეთის მხრიდან ცხინვალში შებრუნდა? ნაცვლად იმისა, დასავლეთის მიმართულებიდან - მეოთხე, ხოლო აღმოსავლეთის მხრიდან მესამე ქვეით ბრიგადებს ცხინვალის გვერდის ავლით და ჩრდილოეთით დიდ გუფთასთან რკალი შეეკრათ, რაც რუსეთის საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფებს ხელს შეუშლიდა დიდ გუფთასთანვე გაყოფილიყვნენ და სამი მხრიდან (მარცხნივ - შემოვლითი გზით, ცენტრში - დიდი ლიახვის ხეობის სოფლებზე კეხვი-თამარაშენის გზით და მარჯვნივ - გერის შემოვლითი გზით ვანათი-ერედვისკენ) გადმოსულიყვნენ შეტევაზე.

- როდესაც ქვეყანა ომში ებმება, სამხედრო მეთაურობას უპირველესად და სასწრაფოდ სამხედრო დანაყოფები გაჰყავს მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან შეკრების სათადარიგო რაიონში, რადგან მოწინააღმდეგის ავიაცია შეეცდება, მაშინვე დაბომბოს წინასწარ ცნობილი მუდმივი დისლოკაციის ადგილები - სამხედრო ბაზები და აეროდრომები.

რა მოხდა აგვისტოს ომის დაწყებისთანავე? პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ რეზერვისტების შეკრება სწორედ მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე - ვაზიანსა  და სენაკში დაიწყო, რაც ფართოდ შუქდებოდა ტელევიზიითაც. შედეგი - რუსეთის ავიაციამ დაბომბა ვაზიანისა და სენაკის სამხედრო ბაზები, რასაც სენაკში რეზერვისტების დაღუპვა მოჰყვა.

- სამხედრო აეროდრომებსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რატომ არ განთავსდა საჰაერო თავდაცვის მძლავრი სისტემები (რამდენიმე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი კი მიიტანეს თბილისის აეროპორტში, მაგრამ რატომღაც "გრომის" საზენიტო რაკეტა არ ესროლეს იმ რუსულ მოიერიშეს, რომელმაც შედარებით დაბალი სიმაღლიდან თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომი "ველი" დაბომბა), მაშინ როდესაც რუსებმა სენაკის აეროდრომზე "ბუკის" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის უქმად მდგარი (ან გაფუჭებული) სამი დანადგარი ანგარებიდან გაიტანეს?

- იყო თუ არა სტრატეგიული დონის შეცდომა მე-2 ქვეითი ბრიგადის სენაკიდან ცხინვალის მისადგომებთან გადასროლა, რამაც რუს მედესანტეებს საშუალება მისცა, უპრობლემოდ გადმოელახათ ენგურის ხიდი, შესულიყვნენ ზუგდიდში და დაეპყროთ ქართული არმიის სენაკის სამხედრო ბაზა?

- რეალურად რა მოხდა კოდორის ხეობაში, რომლის თავდაცვითი-საფორტიფიკაციო ნაგებობის ასაშენებლად არაერთი მილიონი დაიხარჯა, შეზიდეს აურაცხელი ტყვია-წამალი, ხოლო ხეობას შსს-ს სამხედრო დანაყოფებისა და თავდაცვის სამინისტროს მე-5 ქვეითი ბრიგადის რამდენიმეათასიანი შენაერთი იცავდა?

- რატომ ჩაიგდო ხელთ რუსეთმა დიდი ალაფი ქართულ სამხედრო ბაზებში? ნუთუ გორიდან და სენაკიდან შეუძლებელი იყო ტანკების თუ არა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოზიდვა მაინც, მათ შორის ძვირად ნაყიდი ხელუხლებელი ამერიკული მ4-ებისა?!

ეს არის იმ კითხვების უმცირესი ნაწილი, დაკავშირებული 2008 წლის აგვისტოს ომთან და რომლებზეც პასუხის გაცემა მხოლოდ ობიექტურად ჩატარებულ გამოძიებას შეუძლია.

აქედან გამომდინარე, ის, ვინც ეწინააღმდეგება გამოძიების განახლებას, ძალაუნებურად აღძრავს ეჭვს.

აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ქართველ პატრიოტებს აწუხებთ, თუ რატომ დავმარცხდით აგვისტოს ომში ასე სასტიკად და საერთოდ, შეიძლებოდა თუ არა იმ ომის თავიდან აცილება, რომელშიც გამარჯვების თეორიული შანსიც არ იყო რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით.

თავის დროზე, ობიექტურად რომ გამოგვეძიებინა 1992-93 წლების აფხაზეთის ომი, შეიძლება თავიდან აგვეცილებინა 1998 წლის გალის ტრაგიკული მოვლენები, რომელშიც ლომის წილი მაშინდელ მმართველ პარტიას, "მოქალაქეთა კავშირის" ლიდერებსაც უძევთ. "მოქალაქეთა კავშირის" ბევრი ლიდერი მოგვიანებით "ნაციონალური მოძრაობის" წამყვან ძალად იქცა და დასანანია, რომ არ ჩატარებულა 2004 წლის ცხინვალის ომის ობიექტური გამოძიება, რომელშიც ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ.

სწორედ 2004 წლის ცხინვალის ომი, რომელსაც (ისევე როგორც 1998 წლის გალის მოვლენებს) დიდი პოლიტიკური ავანტიურა შეიძლება ვუწოდოთ, გადაიქცა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთგვარ წინა პირობად, რადგან საზოგადოებას მათთვის პასუხი მკაცრად არ მოუთხოვია და ახალგაზრდა (იმ დროს) პოლიტიკოსებში დაუსჯელობის სინდრომმა იძალა.

აგვისტოს ომის საქმის გამოძიება თუნდაც იმიტომაც არის საჭირო, რომ ობიექტურად შეფასდეს როგორც ქართული არმიის, ისე ჩვენი მოწინააღმდეგის ყველა სამხედრო ქმედება ომამდე, საბრძოლო მოქმედებების დროს და ომის შემდგომ. ეს უნდა გაანალიზდეს სხვადასხვა დონეზე - დაწყებული სტრატეგიულით და ტაქტიკურით დამთავრებული. საბრძოლო მოქმედებების გაანალიზება (როგორც მარცხიანის, ასევე მეტ-ნაკლებად შედეგიანის) დაეხმარება ქართველ ოფიცრებს ჩვენი და მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეების უკეთ შესწავლაში. როგორც ამბობენ, ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი კი თავისაზეც ვერაო.