მოსკოვი "ამიერკავკასიურ" სამხედრო ბაზებს ამოწმებს
22-04-2013
მოსკოვი "ამიერკავკასიურ" სამხედრო ბაზებს ამოწმებს
რუსეთის გენერალიტეტმა სომხეთში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო ბაზების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო...

სამხრეთ კავკასიაში რუსეთს დღემდე ოთხი სამხედრო ბაზა ჰქონდა: თითო სომხეთსა და აზერბაიჯანში და ორი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
აზერბაიჯანში გაბალის რადიოლოკაციურმა სადგურმა რუსული სამხედრო ბაზის სტატუსი 2012 წლის ბოლოს დაკარგა, როდესაც მოსკოვი და ბაქო მისი არენდის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. რუსმა სამხედროებმა და მათი ოჯახის წევრებმა, ფაქტობრივად, დატოვეს გაბალის ობიექტი, რის შემდეგაც მოსკოვს
სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ სამი სამხედრო ბაზა დარჩა.

102-ე რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში, გიუმრიში, 127-ე ყოფილი საბჭოთა მოტომსროლელი დივიზიის ადგილზე 1995 წელს გაიხსნა. ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულებით, გიუმრის ბაზის ფუნქციონირება 2044 წლამდე გაგრძელდება. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსკოვი ერევანს არც ერთ კაპიკს არ უხდის.

გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის პირად შემადგენლობაში ხუთი ათასამდე სამხედროა. ბაზის შეიარაღებაში ტანკების, ჯავშანმანქანებისა და არტილერიის გარდა, შედის C-300B ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები და МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების დაჯგუფება.
ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულია მე-7 რუსული სამხედრო ბაზა (ოთხი ათასამდე სამხედრო), რომლის გარნიზონები განთავსებულია გუდაუთის სამხედრო აეროდრომზე, კოდორის ხეობაში, ოჩამჩირესთან და გალის რაიონში.

2009 წლიდან მოსკოვმა ცხინვალის რეგიონში განათავსა მე-4 სამხედრო ბაზა, რომლის დანაყოფები დისლოცირებულია ოკუპირებული ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის - ახალგორის რაიონშიც.

სამხრეთ კავკასიაში მოქმედი ყველა რუსული ბაზა ექვემდებარება რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის სარდლობას, რომლის წარმომადგენლები ამ დღეებში საინსპექციო შემოწმებებს ატარებენ ზემოთ ხსენებული სამხედრო ბაზების მიმდებარე პოლიგონებზე. კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთის ორ პოლიგონზე მე-7 სამხედრო ბაზის დანაყოფები ატარებენ მთებში თავდაცვითი ბრძოლებისა და საზღვაო დესანტის მოგერიების ტაქტიკურ სწავლებებს. იმის გამო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში სრულყოფილი სატანკო პოლიგონი არ არის, მე-7 ბაზის ტანკისტები რუსეთში, კრასნოდარის მხარის პოლიგონზე მიჰყავთ, სადაც - T-90A ტიპის ტანკების მართვასა და საბრძოლო სროლებში ავარჯიშებენ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მე-4 ბაზის სამხედროები, როგორც წესი, საბრძოლო მომზადებისთვის ძარწემის პოლიგონს იყენებენ.

რუსული საოკუპაციო ბაზების საბრძოლო მომზადების შემოწმება, რა თქმა უნდა, დამაფიქრებელია და თვალყურის დევნება სჭირდება, თუმც ასეთი აქტიურობა არ ნიშნავს, რომ ისინი მაინცდამაინც რაიმე შეტევითი ოპერაციისთვის ემზადებიან.
giorgi
27 აპრილი 2013 19:35
ბატონო ირაკლი გთხოვთ დაწეროთ არსენალის ნომრებში საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში განლაგებული სახმელეთო შეიარაღებაზე(რაოდენობა, შეიარაღება დანიშნულება)

რედაქტორის რჩევით