პრეზიდენტს მისთვის ბოლო აღლუმს არ მიაღებინებენ - კვირის პალიტრა

პრეზიდენტს მისთვის ბოლო აღლუმს არ მიაღებინებენ

პრეზიდენტ სააკაშვილს ივანიშვილის მთავრობამ კიდევ ერთ სიამოვნებაზე უთხრა უარი -  2013 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე აღლუმის გამართვა არ იგეგმება და პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, არ მიეცემა შესაძლებლობა, ჩაიბაროს აღლუმი.

ეს რომ ასე იქნებოდა, "კვირის პალიტრის" ერთ-ერთ წინა სტატიაში "ვინ ჩაიბარებს აღლუმს?" უკვე ვივარაუდეთ. ჩვენ ვწერდით, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა, ქვეყანას კიდევ ერთხელ ეხილა სახალხოდ პრეზიდენტი სააკაშვილი უმაღლესი მთავარსარდლის რანგში.

როგორც ჩანს, 26 მაისს თბილისში საბრძოლო ტექნიკა მაინც გამოჩნდება, მაგრამ მათი ნიმუშები უძრავად იდგება და ყველა მსურველს მიეცემა საშუალება, დაათვალიეროს ჯავშანტრანსპორტიორები თუ ჰაუბიცები, თბილისის ცაში კი სამხედრო ავიაცია გადაიფრენს და სხვადასხვა ფერის კვამლის ზოლებს დატოვებს.