თავდაცვის ეპიცენტრი დედაქალაქი იქნება - კვირის პალიტრა

თავდაცვის ეპიცენტრი დედაქალაქი იქნება

4 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანის სამხედრო ბაზაში, მე-4 ქვეითი ბრიგადის დისლოკაციის მეზობლად ახალი კეთილმოწყობილი მინიბაზა გახსნა, რომელშიც პირველი საარტილერიო ბრიგადა განთავსდება.

ერთი-ორი კვირით ადრე თბილისის ახლოს, პირველი ქვეითი ბრიგადის ბატალიონებიც გადანაწილდნენ.

საგულისხმოა, რომ პირველი ქვეითი, ისევე როგორც პირველი საარტილერიო ბრიგადები მანამდე შესაბამისად გორის მახლობლად, საავტომობილო ტრასასთან და შიგ გორში იყვნენ დისლოცირებულნი. პირველი ქვეითი ბრიგადის ყოფილი დისლოკაციის ადგილზე ფონიჭალიდან თავდაცვის ეროვნულმა აკადემიამ გადაინაცვლა, ხოლო გორში არტილერისტების ნაცვლად ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი მე-5 ქვეითი ბრიგადის დანაყოფები დაიდებენ ბინას.

პირველი ქვეითი ბრიგადა, ისევე როგორც პირველი საარტილერიო ბრიგადა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შედარებით უკეთ მომზადებულად და ბრძოლისუნარიანად ითვლება.

ქართული არმიის მთავარი დასაყრდენი სამხედრო შენაერთების თბილისისკენ გადმოსროლა ძალაუნებურად გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება რუსეთის შესაძლო მორიგი სამხედრო აგრესიისგან თავდაცვის ეპიცენტრად დედაქალაქს - თბილისს მიიჩნევს.

რაგინდ ძნელად მისაღები უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის, მით უფრო არათბილისელთათვის, ეს ლოგიკურია.

ახალგორის რაიონში თითქმის საავტომობილო ტრასასთან და სარკინიგზო ხაზთან ჩამოსულ რუს ოკუპანტებს იოლად შეუძლიათ გადაკეტონ ორივე მაგისტრალი, მწყობრიდან გამოიყვანონ ელექტროგადაცემის ხაზები და ააფეთქონ ბაქო-სუფსის ნავთობსადენი.

ასეთ შემთხვევაში გორის მახლობლად დარჩენილი პირველი ქვეითი და პირველი საარტილერიო ბრიგადები მოწყვეტილნი აღმოჩნდებოდნენ დედაქალაქის დაცვისგან და ბრძოლით მოუწევდათ თბილისისკენ წამოსვლა. ამასთან მარტო მე-4 ქვეითი ბრიგადისა თუ ვაშლიჯვრის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების იმედად დედაქალაქის დატოვებაც არ იქნებოდა სწორი.

დასავლეთ საქართველოში რჩება მეორე (სენაკში) და მესამე (ქუთაისში) ქვეითი ბრიგადები, ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი - აჭარაში და მეორე საარტილერიო ბრიგადა - ხონში.

გორის მიმართულება ჯერჯერობით შედარებით მოშიშვლებულია, რადგან იქ გადასროლილი მე-5 ქვეითი ბრიგადა, რომელიც მანამდე ხელვაჩაურში იდგა, ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. ჩანს, საქართველოს ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ რუსული სამხედრო აგრესიის განმეორების შემთხვევაში მთელი ქვეყნის დაცვა გარკვეული ხნითაც კი (ერთი-ორი კვირა) გაჭირდება, ამიტომაც ძირითად ძალებს მაინც დედაქალაქის გარშემო უყრიან თავს.

ამ თვალსაზრისით ჭირს გაამართლო თავდაცვის ეროვნული აკადემიის "წინა ხაზზე" - გორის ტრასასთან გადასროლის გადაწყვეტილება.

ამასთანავე, კიდევ უფრო გაუმართლებლად მოჩანს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის დარჩენა გორში, როდესაც ძირითადი სამხედრო შენაერთები თბილისის გარშემო იყრიან თავს, ხოლო მეორე ნაწილი კი დასავლეთ საქართველოშია თავმოყრილი. აჯობებდა, სამხედრო ჰოსპიტლის თბილისში დაბრუნება, თორემ რას ნიშნავს საჰაერო დაბომბვაში და დროებით ოკუპაციაში მოხვედრილი სამხედრო ჰოსპიტალი, სამწუხაროდ, უკვე ვნახეთ.