ჩვენც მოგვატყუეს?! - კვირის პალიტრა

ჩვენც მოგვატყუეს?!

მართლა იყიდეს თუ არა ქართველმა ძალოვანებმა უმაქნისი, თუმცა 27 ათას გირვანქა სტერლინგად ღირებული ნაღმმძებნები ბრიტანელი მილიონერი თაღლითისგან?

დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 57 წლის მილიონერ ჯეიმს მაკორმიკს ყალბი ნაღმმძებნების გაყიდვის გამო.

სასამართლოს მტკიცებით, ბრიტანეთის მოქალაქემ ამ გრანდიოზული აფერის შედეგად დაახლოებით 60 მლნ გირვანქა სტერლინგი მოგება ნახა. იგი აშშ-ში 20 დოლარად (13 გირვანქა სტერლინგად) ყიდულობდა გოლფის ბურთების საძებნ მოწყობილობას და მცირეოდენი გადაკეთების შემდეგ თითოეულ მათგანს, როგორც ნაღმმძებნს, 27 ათას გირვანქა სტერლინგად (41,2 ათასი დოლარი) ყიდდა.

ბრიტანელმა თაღლითმა საუკეთესო რეკლამა გაუკეთა თავის ADE651 ტიპის ნაღმმძებნს. სარეკლამო რგოლები არწმუნებდნენ პოტენციურ მყიდველებს, რომ ამ ყოვლისშემძლე მოწყობილობას ასაფეთქებელი მოწყობილობის გარდა იარაღის, ნარკოტიკების, სპილოს ძვლის, ბანკნოტებისა და ადამიანების მოძებნაც კი შეეძლო მიწაში ერთ კმ(!), ხოლო წყალში - 31 მ სიღრმეზე.

ამასთან, მოწყობილობას არ ჰქონდა აკუმულატორი და ენერგიას თითქოს ადამიანის სხეულიდან იღებდა. ხელსაწყოში ის ბარათი უნდა ჩაედოთ, რომელზე გამოსახული ნივთის (იარაღი, ნარკოტიკი და ა.შ.) მოძებნასაც აპირებდნენ. ხელსაწყოს გასაშლელი ანტენა საითაც მიტრიალდებოდა, თითქოს, მოსაძებნი ნივთიც იქ იქნებოდა.

ის, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს განაღმვის პროცესი (სტატიის ავტორს პირველად განაღმვაში მონაწილეობის მიღება ჯერ კიდევ 21 წლის წინ, ცხინვალთან მოუხდა), მიხვდება, რომ ეს საქმე ძალიან ჰგავს აფერას.

მიუხედავად ამისა, ბრიტანელმა მილიონერმა ათასობით ასეთი "ყოვლისშემძლე ნაღმმძებნი" გაყიდა და სწორედ მის სინდისზეა აფეთქებების შედეგად დაღუპული ასობით ადამიანის სიცოცხლე. განსაკუთრებით ეხება ეს ერაყს, სადაც ტერორისტებმა  ADE651 -ით აღჭურვილი 23 საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაუბრკოლებლად გაიარეს და არაერთი ობიექტი ააფეთქეს.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მაინც ის გახლავთ, რომ ბრიტანელი მილიონერი-თაღლითის მოტყუებული ერაყის, პაკისტანის, ბელგიის, ლიბანის, ინდოეთის, ბანგლადეშისა თუ სხვა სახელმწიფოების ჩამონათვალში არის საქართველოც.

ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის და რომელმა ძალოვანმა უწყებამ (თავდაცვის სამინისტრომ თუ შსს-მ) მოატყუებინა თავი ბრიტანელს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლები ამის შემდეგ მაინც აღარ იქნებიან  ADE651 -ის იმედად და მას არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებენ განაღმვით ოპერაციებში...