ჯონჯოლისთვის დაჭერილნი... - კვირის პალიტრა

ჯონჯოლისთვის დაჭერილნი...

ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან საქართველოს მოქალაქეთა ხშირი დაკავებით მოსახლეობის დაშინებას ცდილობენ

დღე არ გავა, რომ არ გავრცელდეს ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან რუსი მესაზღვრეების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის დაკავების შესახებ - ზოგს ფიჩხის შეგროვებისთვის აკავებენ, ზოგს - ჯონჯოლის მოკრეფის დროს...

რას უნდა ნიშნავდეს ასე გახშირებული ინციდენტები ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან?

პირველ რიგში, ეს უცილობლად გამოიწვია გაზაფხულის დადგომამ, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ათწლეულობით მიჩვეულ ადგილებში ერეკება საქონელს და იწყებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.

თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ადგილები დღეს ოკუპირებულია და იქ რუსი მესაზღვრეების სასაზღვრო-საკონტროლო ზოლებია მოწყობილი. მათთვის თითოეული ქართველი - მოხუცი მწყემსი თუ ჯონჯოლის მოყვარული ახალგაზრდა - "საზღვრის დამრღვევია" და დიდი ენთუზიაზმით აკავებენ მათ, რათა ეს სტატისტიკური მონაცემები მოსკოვში, ხელმძღვანელობას გადასცენ და თავიანთი წარმატებული საქმიანობის შესახებ უპატაკონ.

თავის მხრივ, "საზღვრის დამრღვევთა" რიცხვის ზრდა ხელს აძლევს სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რადგან ისინი ყოველი დაკავების შემდეგ კიდევ ერთხელ აფიქსირებენ თავიანთი "დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვრებს".

ასეთი დაკავებების რიცხვის ზრდა მოქმედებს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან მცხოვრებ ქართველებზეც, რომელთა შეგნებაში ძალაუნებურად იკიდებს ფეხს სწორედ ის აზრი, რომლის დამკვიდრებაც ასე სურთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს - რომ "საზღვრის" იქით საქართველოს კანონები არ მოქმედებს და იქით გადასვლა სახიფათოა...