პირველი საჩვენებელი სწავლება პრემიერისთვის - კვირის პალიტრა

პირველი საჩვენებელი სწავლება პრემიერისთვის

ნამდვილად უჩვეულოდ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი ჯავშანჟილეტსა და ჯავშანჩაფხუტში (ეს მისთვისაც ახალი გახლდათ), თუმცა პრემიერს, რომელსაც სამხედრო საქმესთან მანამდე არაფერი აკავშირებდა, ამ სფეროშიც მოუწევს გათვითცნობიერება.

30 აპრილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების 22-ე წლისთავთან დაკავშირებით ვაზიანის პოლიგონზე "ისარი-013"-ის სახელწოდებით საჩვენებელი საველე-ტაქტიკური სწავლება ჩატარდა. სწავლებაში ძირითად როლს სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფები ასრულებდნენ, რომელთაც დახმარებას საჰაერო ბრიგადის შვეულმფრენები და პირველი საარტილერიო ბრიგადის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები უწევდნენ.

სწავლებაში პირველ პლანზე სწორედ "სპეცების" წამოწევის ინიციატორი, სავარაუდოდ, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უნდა ყოფილიყო, რომელსაც მანამდე არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ქართული ჯარის პრიორიტეტი სწორედ სპეციალური დანიშნულების დანაყოფების განვითარება და გაძლიერება გახდება.

საგულისხმოა, რომ ოპერაციის ადგილიდან შვეულმფრენებით სპეცდანიშნულების წევრების ევაკუაცია (ბაგირის საშუალებით), ასევე - მათი დესანტირება ეფექტურად განხორციელდა, რაც ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ახალი მთავრობის იმ წევრებზე, ვინც აქამდე პრემიერივით შორს იყვნენ ჯარის ცხოვრებისაგან.

სწავლების ორგანიზატორებმა პატარა სამხედრო ეშმაკობაც იხმარეს სტუმრებისა და ჟურნალისტების გასაოცებლად - სამიზნედ დაყენებული ტანკისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანის კორპუსები ეფექტურად ფეთქდებოდა და იწვოდა, არადა, როგორც წესი, ტანკი-სამიზნე, რომელშიც აღარც საწვავია და აღარც საბრძოლო მასალა, ყუმბარმტყორცნის რეაქტიული ჭურვის მოხვედრის შემდეგ ასე არ ფეთქდება და მით უმეტეს - არ იწვის...

ასეა თუ ისე, მისასალმებელია, რომ არმიამ სამხედრო სწავლებები განაახლა. იმედია, უფრო ფართომასშტაბიან და რეალური საბრძოლო სიტუაციის მსგავს სწავლებებში მალე ბატალიონებიც ჩაერთვებიან. მთავარია, დაიხვეწოს ჯარის სხვადასხვა სახეობის ურთიერთშერწყმული საბრძოლო მოქმედების ტაქტიკა.

P.S. "დიდგორებთან" ერთად, სწავლებაზე პირველად გამოჩნდა სამი ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ლაზიკა", რომლებიც ავტომატური ქვემეხებიდან და ტყვიამფრქვევებიდან გახსნილი ცეცხლით მხარს უჭერდნენ სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლთა შეტევას.