ომმოგებული ქართველი ვეტერანები წაგებულებზე ცუდად ცხოვრობენ - კვირის პალიტრა

ომმოგებული ქართველი ვეტერანები წაგებულებზე ცუდად ცხოვრობენ

მეორე მსოფლიო ომის ქართველი ვეტერანები წაგებულ გერმანელებზე ათჯერ ნაკლებ პენსიას იღებენ!

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 68-ე წლისთავმა ჩაიარა, რომელიც დასავლეთმა ტრადიციულად 8 მაისს, ხოლო რუსეთმა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობამ 9 მაისს იზეიმა.

სიმართლე ითქვას, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ როდის იზეიმებს ამ მნიშვნელოვან თარიღს, მთავარია, დამარცხდა ფაშისტური გერმანია, რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრებოდა.

თუმცა, როგორც 68 წლის შემდეგ აღმოჩნდა, საქართველოში ჯერ კიდევ ცოცხალი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ვეტერანები ბევრად მცირე პენსიას იღებენ, ვიდრე ომში დამარცხებული გერმანელი ვეტერანები.

უფრო მეტიც, განსხვავება თითქმის ათჯერ დიდია - თუკი მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურებული ვერმახტის ვეტერანის მინიმალური პენსია თვეში არანაკლებ 1.000 ევროა, რაც (2.159 ლარი) 9,8-ჯერ აღემატება ამ ომში გამარჯვებული ქართველი ვეტერანის 219-ლარიან (175 ლარი პენსია და 44-ლარიანი სუბსიდია) შემოსავალს. და ესეც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ახალმა მთავრობამ პენსიები გაზარდა, თორემ გასულ წელს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი დაახლოებით 129 ლარს იღებდა, საიდანაც 85 ლარს პენსია, ხოლო 44 ლარს სუბსიდია შეადგენდა.

თავდაპირველად, გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის დაწესდა კომუნალური შეღავათები 40 კუბმეტრი ბუნებრივი აირის, 200კვტ/სთ ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის მოხმარებისთვის, რომელსაც 14-ლარიანი პენსიაც ემატებოდა.

მოგვიანებით კომუნალური შეღავათების მონეტარიზაციის შედეგად საკომპენსაციოდ დაწესდა სუბსიდია 44 ლარის ოდენობით (აფხაზეთის ომის მონაწილეებისთვის ეს თანხა რატომღაც ზუსტად ორჯერ - 22 ლარამდე შემცირდა).

როგორც "კვირის პალიტრას" საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა გელა დოლიძემ განუცხადა, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესასწაულს დაახლოებით 2.900 საქართველოს მოქალაქე ომის ვეტერანი შეხვდა, რომელთაგან დაახლოებით 800 თბილისშია რეგისტრირებული.

44-ლარიან სუბსიდიას მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანი იღებს, 175-ლარიან პენსიას კი ვეტერანთა უმრავლესობა, თუმცა მცირე ნაწილს შედარებით მეტი პენსიაც აქვს.

ვერმახტის ვეტერანების ის ნაწილი, რომლებსაც მაღალი სამხედრო ჩინი ჰქონდათ და ომში "გმირობით" თავიც უსახელებიათ, 1.000 ევროზე ბევრად მეტ პენსიას იღებს.

რუსეთში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ყოველთვიური ფულადი შემოსავალი (პენსიას დამატებული სხვადასხვა შეღავათი) 28 ათას რუბლს შეადგენს, რაც დაახლოებით 1.500 ლარია.

აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის პენსია მინიმუმ 1.200 დოლარია, რასაც ემატება აშშ-ის მოქალაქის 1.500-დოლარიანი პენსიაც. გარდა ამისა, სამედიცინო მომსახურებასა და კომუნალურ გადასახადებში სხვადასხვა შეღავათით სარგებლობენ.

დიდ ბრიტანეთში წოდებებისა და საბრძოლო ჭრილობების გათვალისწინებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის პენსია 2.000-დან 9.000 დოლარამდე მერყეობს.

გასაგებია, რომ საქართველო თავისი ეკონომიკური შესაძლებლობებით არათუ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას, რუსეთსაც ვერ შეედრება, მაგრამ დაახლოებით სამი ათასი უკვე ღრმად მოხუცი ომის ვეტერანისათვის ბევრად უკეთესი პირობების შექმნა ხომ დღესვე შეუძლია ახალ მთავრობას?