სომხურ ტანკებს პოლონელები გააუმჯობესებენ - კვირის პალიტრა

სომხურ ტანკებს პოლონელები გააუმჯობესებენ

აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, რომელთანაც სომხეთი, ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაშია, ერევანი ახალი საბრძოლო ტექნიკის შეძენას ძველის გარემონტებასა და მოდერნიზაციას ამჯობინებს.

ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ის არის, რომ ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანისგან განსხვავებით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ულტრათანამედროვე საბრძოლო ტექნიკას ყიდულობს, სომხეთს ამდენი ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია.

სომეხი სამხედროები პოლონელი კოლეგების დახმარებით აპირებენ შეიარაღებაში არსებული უკვე მოძველებული  T-72 ტიპის ტანკები პოლონური PT-72U-ს დონემდე განაახლონ, რის შემდეგაც, ოფიციალური ერევნის მტკიცებით, მოდერნიზებული სომხური ტანკების საბრძოლო შესაძლებლობები რუსული T-90A-ისა და უკრაინული Т-84 Оплот-ის დონეს გაუტოლდება.

БМП-1 და БМП-2 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს სომხეთის არმიას რუსი სპეციალისტები გაურემონტებენ და გაუუმჯობესებენ.

დიდი ყურადღება დაეთმო საჰაერო თავდაცვის საშუალებების მოდერნიზებას. დღეს სომხეთის შეიარაღებაშია С-300ПТ-1 და С-300ПС ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დივიზიონები, რომლებსაც ერევანი რუსეთის დახმარებით С-300ПМ-ის დონეზე გააუმჯობესებს. ეს კი ნიშნავს, რომ ამ კომპლექსის ახალი რადიოლოკატორი საჰაერო სამიზნეებს 300კმ რადიუსში აღმოაჩენს, ხოლო ახალი საზენიტო რაკეტა კი მათ 150 კმ რადიუსში ჩამოაგდებს.