სირია ამერიკულ ავიამზიდებს რუსულ რაკეტებს დაუმიზნებს
20-05-2013
სირია ამერიკულ ავიამზიდებს რუსულ რაკეტებს დაუმიზნებს
სირიაში მიმდინარე ორწლიანი სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი შეიძლება ახალ ფაზაში გადავიდეს, თუკი დასავლეთი გადაწყვეტს სამხედრო ძალით დაეხმაროს შეიარაღებულ ოპოზიციას ბაშარ ასადის რეჟიმის დასამხობად.
ამის შესახებ მინიშნება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, რომელმაც დასტურად მოიყვანა ბი-ბი-სის მიერ გავრცელებული ვიდეოფირი, სადაც, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენებაა დაფიქსირებული - შვეულმფრენიდან ჩამოგდებული ბომბი პარაშუტით ეშვება სახლების თავზე და აფეთქების შემდეგ ისეთივე ღრუბელი წარმოიქმნება, როგორიც ქიმიური იარაღის გამოყენებისას.

აშშ-ის ხელისუფლებას ადრეც განუცხადებია, რომ თუ ასადის რეჟიმი ქიმიურ
იარაღს გამოიყენებს, დასავლეთი უფრო აქტიურ მოქმედებაზე გადავა, რათა ბოლო მოუღოს შეიარაღებულ დაპირისპირებას სირიაში.
თუმცა, სანამ ამერიკელი მზვერავები ასადის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების უტყუარ დადასტურებას ეძებენ, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ დასავლეთის ძალისმიერი მოქმედების შესაძლო სცენარი სირიაში არ გათ
ამაშდეს.

აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ დღეებში მოსკოვმა ბაშარ ასადის რეჟიმს ხომალდსაწინააღმდეგო მოქმედებებისთვის განკუთვნილი "იახონტის" ტიპის ზებგერითი ფრთოსანი რაკეტების მორიგი პარტია მიაწოდა. ამ სტატიის ავტორს 14 წლის წინ საშუალება ჰქონდა რუსეთში, შეიარაღების ერთ-ერთ გამოფენაზე დეტალურად დაეთვალიერებინა "იახონტის" რაკეტა, რომელიც რუსული ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა "ონიკსის"  საექსპორტო ვარიანტია და 300 კმ მანძილზე თითქმის 3 ათასი კმ/სთ სიჩქარით მიფრინავს. 3,1-ტონიან რაკეტას 250 კგ-იანი საბრძოლო ქობინი მიაქვს და მოხვედრისას დიდი წყალწყვის ხომალდებსაც კი ანადგურებს.

2011 წლის შემოდგომაზე რუსეთმა სირიას უკვე მიაწოდა სანაპირო დაცვის ორი კომპლექსი "ბასტიონი", თითოეული 35-35 ცალი "იახონტის" ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტებით. ამჟამად სირიაში ჩატანილი რაკეტები, სავარაუდოდ, უკვე არა საექსპორტო "იახონტები", არამედ უფრო მეტი საბრძოლო შესაძლებლობების მქონე "ონიკსებია". ისინი შეიარაღებაში მხოლოდ რუსეთის არმიას აქვს.

თუკი დასავლეთმა აშშ-ის მეთაურობით გადაწყვიტა ბაშარ ასადის რეჟიმის დასამხობად ისეთივე სცენარი გაითამაშოს, როგორითაც ლიბიაში მუამარ კადაფის ხელისუფლება დაამხო, მაშინ მოუწევთ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, უშუალოდ სირიის სანაპიროს ახლოს მძლავრი საავიამზიდო დაჯგუფების განთავსება, საიდანაც აფრენილ საბრძოლო თვითმფრინავებს წერტილოვანი საჰაერო დარტყმების მიყენება შეეძლებათ ასადის სახელისუფლებო სტრუქტურებისა და სამხედრო ბაზებისთვის.

ასეთ შემთხვევაში სირიის სანაპიროზე განთავსებული რუსული ხომალდსაწინააღმდეგო "იახონტების" გასაშვები მობილური დანადგარები შემაკავებელ ფაქტორად იქცევა ამერიკელი ავიამზიდებისა და მათი საესკორტო ხომალდებისათვის.
sml
30 მაისი 2013 23:40
საინტერესოა როდემდე უნდა დაბომბოს აშშ-მ ქვეყნები და თან მსოფლიომ ტაში დაუკრას....საინტერესოა ასევე ის ფაქტიც რომ ყველგან ერთნაირი სცენარია, შიდა გამანადგურებელი ომი და მერე იერიში პირდაპირ...
გიორგი
29 მაისი 2013 14:19
და რამხელა გონიერება სჭირდება ასეთი ურჩხულის გვერდით ცხოვრება! რუსეთი თავის ამბიციებში ნამდვილად შეურაცხადია!
ირაკლი
27 მაისი 2013 21:21
არამგონია დასავლეთმა გადაწყვიტოს სირიაში შეჭრა, რადგან ამ ქმედებამ შეიძლება სხვა რამეები გამოიწვიოს პოლიტიკურ ჭრილში, ისე არამგონია რუსულმა რაკეტებმა დიდი ზიანი მიაყენეონ ამერიკულ ავიამზიდებს და სხვა სახის საბრზოლო გემებს, თან ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციაცაა გასათვალისწინებელი, მაგრამ მე მგონია ამერიკა არ ჩაერევა აშკარა სამხედრო გზით არა რუსული რაკეტების შიშით, არამედ პოლიტიკური და სხვა სიტუაციების გამო

რედაქტორის რჩევით