ობამამ უპილოტოები დაიცვა
27-05-2013
ობამამ უპილოტოები დაიცვა
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აშშ-ის ხელისუფლებას ხშირად  აკრიტიკებენ საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების კონფლიქტის ზონების გარეთ გამოყენების გამო...

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ვაშინგტონში, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, იძულებული გახდა, ამერიკული დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების სტრატეგია გაემართლებინა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების, ასევე ამერიკელ კონგრესმენთა ნაწილის პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ როგორც გაირკვა, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად "ალ-ქაიდას" წევრებთან ერთად აშშ-ის ოთხი მოქალაქეც დაიღუპა.
ის, რამაც ახლა აღაშფოთა ამერიკელთა ნაწილი,
ათ წელზე მეტია, პაკისტანელთა თავსატეხად იქცა, რადგან პაკისტანის ტერიტორიაზე ამერიკული უპილოტოების განსახორციელებელი საჰაერო დარტყმების შედეგად ტერორისტების გარდა 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეც დაიღუპა.

საქმე ის არის, რომ "ალ-ქაიდა" და თალიბები იყენებენ 1980-იან წლებში საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ავღანელი მოჯაჰედების კარგად აპრობირებულ ტაქტიკას - ავღანეთში IშAF-ის რომელიმე ბაზასა
თუ პატრულზე თავდასხმის შემდეგ საბრძოლო მასალის შესავსებად ისინი მეზობელი პაკისტანის ტერიტორიას აფარებენ თავს.
ამის გამო ISAF-ის სარდლობა და პირველ რიგში, ამერიკელი გენერლები, იძულებული არიან, გასცენ ბრძანება, რომ თალიბთა რაზმების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განხორციელდეს როგორც ავღანეთის, ისე პაკისტანის ტერიტორიაზე.

საჰაერო დარტყმებისთვის კოალიციური ძალები F-16-ების თუ A-10A-ების გარდა ხშირად იყენებენ უპილოტო თვითმფრინავებს - MQ-9 ღეაპერ-ებს, რომლებსაც 24 საათი შეუძლიათ ჰაერში "ჩამოეკიდონ" და თან წაიღონ "ჰელფაირის" ტიპის ოთხი მართვადი რაკეტა და ლაზერის სხივით დამიზნებადი ორი - თითოეული 250 კგ მასის - ბომბი.

ამ უპილოტოებს ტყუილად არ უწოდებენ "მონადირე-მკვლელებს", რადგან მათი საშუალებით აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ჰაერიდან წერტილოვანი დარტყმებით ავღანეთში, პაკისტანსა თუ იემენში ასობით ის ადამიანი გაანადგურა, ვისაც თეთრ სახლში საერთაშორისო ტერორისტად თვლიდნენ.
მიუხედავად მაღალი ტექნოლოგიისა, უშეცდომო არც უპილოტო საფრენი აპარატები, უფრო სწორად კი - ის ოპერატორები არიან, ვინც მათ დისტანციურად მართავენ, რის გამოც არცთუ იშვიათად მშვიდობიანი მოსახლეობაც იღუპება.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ავღანეთში უპილოტო დამრტყმელი თვითმფრინავების აქტიური გამოყენება მხოლოდ 2014 წლის ბოლოს შეწყდება, მაშინ, როცა  IშAF-ის მისია ოფიციალურად დასრულდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით