გენერალური შტაბი ბრუნდება... - კვირის პალიტრა

გენერალური შტაბი ბრუნდება...

საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცა "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016 წლებში", რომელიც უახლოეს ოთხ წელიწადში თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების მოქმედების ძირითადი დოკუმენტია.

ამ დოკუმენტში განხილულია ის საკითხები და მიმართულებები, რომლებიც უმთავრესია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის, თუმცა რამდენად სრულყოფილად და დროულად განხორციელდება ისინი, ცალკე საუბრის თემაა.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დიდი ხანია, ითხოვს ყურადღებას, ამ დოკუმენტის თანახმად, ამა წლის ნოემბერში უნდა მოგვარდეს - საქმე ეხება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისთვის ძველი სახელის დაბრუნებას.

შეიძლება სახელებით მანიპულირებას დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდეს (გაცილებით მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ეფექტურად იმუშავებენ შტაბის ოფიცრები), მაგრამ დღევანდელი სახელი - გაერთიანებული შტაბი - არაფრით არ შეესაბამება რეალობას.

არაერთხელ დაგვიწერია, რომ გაერთიანებული შტაბის სახელით მოხსენიება იმ ორგანოსი, რომელიც დღესაც ხელმძღვანელობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, არამართებულია.

თავის დროზე, 2007 წელს, გენერალური შტაბისთვის სახელის შეცვლა იმით ახსნეს, რომ ამერიკელი პარტნიორების მიბაძვით, გაერთიანებული შტაბი უნდა გამხდარიყო ქართული არმიის სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბების მაკოორდინირებელი ორგანო.

სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.

2008 წლის აგვისტოს ომმა ნათლად დაგვანახა, თუ რა სირთულეები იყო ჯარების მართვაში, ასევე შტაბებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და მჭიდრო ოპერატიულ თანამშრომლობაში.

არცთუ უმნიშვნელო (თუ მთავარი არა) პრობლემა იყო გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების მაშინდელი ხელმძღვანელობის არცთუ სახარბიელო პიროვნული ურთიერთობაც.

2009 წლიდან, მას შემდეგ, რაც ერთმანეთის მიყოლებით შეწყვიტა არსებობა სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებმა, სახელმა - გაერთიანებული შტაბი - აზრი დაკარგა.

ერთკომპონენტიანი (სახმელეთო ჯარები) ქართული არმიისთვის შეიძლება უფრო უპრიანიც ყოფილიყო, გაერთიანებულ შტაბს მთავარი შტაბი დარქმეოდა, თუმცა თუკი არსებობს დიდი სურვილი, აღდგეს სახელწოდება გენერალური შტაბი, მაშინ ადრე თუ გვიან ქართული არმიის შემადგენლობაში საზღვაო და საჰაერო ძალები მეტ-ნაკლებად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი.