ქართული ნაღმსატყორცნი ყველაზე ძვირად ღირებული ბორბლებით - კვირის პალიტრა

ქართული ნაღმსატყორცნი ყველაზე ძვირად ღირებული ბორბლებით

26 მაისს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ სამხედრო გამოფენებზე დამთვალიერებელთა ყურადღებას, ძირითადად, "დიდგორები", "ლაზიკა" და სხვა მძიმე საბრძოლო ტექნიკა და ცეცხლსასროლი იარაღი იპყრობდა.

თუმცა არანაკლებ საინტერესო გახლდათ გამოფენებზე წარმოდგენილი 60,82 და 120 მმ კალიბრის ნაღმსატყორცნები, რომლებიც საქართველოში დაამზადეს "დელტასა" და "თბილავიამშენის" სპეციალისტებმა და მათი სერიული წარმოება ახლაც გრძელდება.

საქართველოს მსგავსი მთაგორიანი რელიეფის ქვეყნისთვის ეფექტურია შედარებით იაფი, მაგრამ მოსახერხებელი ნაღმსატყორცნების გამოყენება, რომლებიდან "ჩაკიდული" ტრაექტორიით ნასროლი ნაღმებიც მოწინააღმდეგეს მთის იმ მოფარებულ კალთაზეც დააზიანებს, რომელსაც ავტომატით და ტყვიამფრქვევით ვერ "გამოთოფავ".

სამხედრო გამოფენაზე წარმოდგენილი 120 მმ-იანი ქართული ნაღმსატყორცნი საბჭოთა წინაპრის ანალოგია (მისასალმებელია, რომ ნაღმსატყორცნის ორმაგი დატენისგან დამცავი მექანიზმიც ჩვენთან მზადდება, რაც გამორიცხავს ისეთი ტრაგედიის გამეორებას, რაც 2011 წლის იანვარში კრწანისის სასწავლო ცენტრში მოხდა), თუმცა მისი ბორბლები ნამდვილად სიახლეა.

შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ საბჭოთა წარმოების  120 მმ-იან ნაღმსატყორცნებს (ან მის უცხოურ კლონებს) არასოდეს ღირსებიათ ისეთი მაღალი ხარისხის საბურავები, როგორიც ქართულს აქვს.

ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ შეიძლება ვინმემ იკითხოს: რა საჭირო იყო ნაღმსატყორცნებისთვის ასეთი მაღალი ხარისხის და ძვირად ღირებული საბურავების შეძენა?

ამის ახსნა ადვილად შეიძლება. "დიდგორების" ასაწყობად იყენებენ ამერიკული პიკაპების Ford F550 Super Duty-ს სავალ ნაწილს, ხოლო კაბინასა და ძარას ხსნიან და ინახავენ. იმის გამო, რომ საბრძოლო ჯავშანმანქანებს - "დიდგორებს" სპეციალური საბურავები სჭირდება, რომლებსაც ტყვიის მოხვედრის შემდეგაც შეუძლიათ რამდენიმე ათეული კმ-ის გავლა (ბევრს ეხსომება ცხინვალის ქუჩებში ბრძოლების შედეგად ბორბლებდახვრეტილი ქართული "კობრები", რომლებიც დისკებით მოძრაობდნენ ასფალტზე).

ამ სპეციალური საბურავების დაყენების შემდეგ (თითოეული მათგანის ფასი ერთი ნახმარი ჯიპის ღირებულებას უტოლდება) "ფორდის" გამოთავისუფლებული ექვსი საბურავი სამი ნაღმსატყორცნისთვის კმარა, რაც, ჩვენი აზრით, საკმაოდ გონივრული გათვლაა.