სირია გრანდიოზული ომის წინ
03-06-2013
სირია გრანდიოზული ომის წინ
სირიაში ორ წელზე მეტხანს მიმდინარე სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი, რომელმაც თითქმის 100 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მალე შეიძლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიან საბრძოლო შეტაკებებში გადაიზარდოს.

ევროკავშირი ივნისიდან აუქმებს ემბარგოს, რომელიც ევროპის ქვეყნებს სირიისთვის შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის მიწოდებას უკრძალავდა.
მანამდე აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება სირიელი ამბოხებულებისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის შესახებ.

ევროპისა და ამერიკის გააქტიურება, სავარაუდოდ, განაპირობა იმ მძიმე სიტუაციამ, რომელშიც სირიელი ამბოხებულები აღმოჩნდნენ. შეიძლება დასავლეთს არ სურს იმის აღიარება, რომ სირიის პრეზიდენტ
ბაშარ ასადის ხელისუფლების მომხრეები და პირველ რიგში, სირიის რეგულარული არმიის საბრძოლო დანაყოფები, ამბოხებულებს ამარცხებენ, ამიტომაც ამბოხებულებისათვის სამხედრო დახმარება, როგორც ეს ლიბიაში მოხდა, აუცილებელია. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ხმელთაშუა ზღვაში მოდრეიფე ამერიკული ავიამზიდებიდან აფრენილმა თვითმფრინავებმა დაბომბვა დაიწყონ.
ეს რომ არ მოხდეს,
სირია და რუსეთი დასავლეთის მიმართ ერთობლივ, საინფორმაციო დაშინების პოლიტიკას ატარებენ - მოსკოვში აცხადებენ, რომ მალე სირიაში, პრეზიდენტ ასადის ხელისუფლებას C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების რამდენიმე დივიზიონს გაუგზავნიან, რაც დამასკომ მოსკოვს ჯერ კიდევ სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებამდე, სამი წლის წინ შეუკვეთა.

სირიაში რუსული C-300-ების გამოჩენა NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის მიუღებელია, რადგან კარგად გაწვრთნილ პერსონალს ამ საზენიტო საშუალებებით თითქმის ყველა იმ თვითმფრინავისა და ფრთოსანი რაკეტის აღმოჩენა და ჩამოგდება შეეძლება, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეიარაღებაშია.

თუმცა NATO-ზე მეტად რუსული C-300-ების სირიაში ჩატანა მეზობელ ისრაელს აშინებს. საქმე ის არის, რომ რუსული C-300-ების საბრძოლო მოქმედების რადიუსი 150-200 კმ-მდეა (მოდიფიკაციის მიხედვით), რაც სრულიად საკმარისია, რომ სირიის ტერიტორიაზე განთავსებულმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა მთლიანად გააკონტროლოს ჩრდილოეთ ისრაელის საჰაერო სივრცე. ეს კი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს საშუალებას მისცემს, ისრაელის თავზე "არასაფრენი" ზონა შექმნას.

რუსი ჯარისკაცების აზრით, სირიის მთელი საჰაერო სივრცის საიმედოდ ჩასაკეტად ჩ-300-ების 10-12 დივიზიონი მაინც არის საჭირო, თუმცა სირიისთვის მათ მიწოდებას მოსკოვი, სავარაუდოდ, შემოდგომამდე ვერ შეძლებს.
ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ რუსულ C-300-ებს სირიაში ჩატანისთანავე შეიძლება საჰაერო წერტილოვანი დარტყმები არ ასცდეთ...

რედაქტორის რჩევით