მცოცავი ოკუპაციის მთავარი მიზანი?! - კვირის პალიტრა

მცოცავი ოკუპაციის მთავარი მიზანი?!

ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრების თანდათანობით "ჩამოჩოჩებით" მოსკოვი საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების, მათ შორის - თბილისი-გორის ავტომაგისტრალის გაკონტროლებას შეეცდება

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების მიერ სოფელ დიცთან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვრის 300 მ-ით გადმოწევამ საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია. ვერც საქართველოს ხელისუფლებამ და ვერც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შესაფერისი პასუხი ვერ გასცეს რუსი მესაზღვრეებისა და ოსი სეპარატისტების მორიგ გამოწვევას.

რა თქმა უნდა, კიდევ 200-300 მეტრით ქართულ მიწაზე შემოჭრა აღმაშფოთებელია, მაგრამ უფრო მეტ აღშფოთებას ის იწვევს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების "ჩამოჩოჩების" პროცესი შეიძლება კვლავ გააგრძელონ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ ვერც ოფიციალური თბილისი და მით უმეტეს, ვერც ევროპელი დამკვირვებლები მათ  წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ.

გაცილებით საშიშია საოკუპაციო საზღვრის გადმოწევა ახალგორის რაიონში, სადაც რუსი ოკუპანტების საკონტროლო-გამშვები პუნქტები საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტთან - თბილისი-გორის ავტომაგისტრალთან - ისედაც ძალიან ახლოსაა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსებს უკვე ჰქონდათ გადაკეტილი ეს ავტომაგისტრალი და კარგად გამოჩნდა, რამდენად საშიშია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ეკონომიკისათვის ძირითადი საკომუნიკაციო საშუალების (რკინიგზასთან ერთად) პარალიზება.

უეჭველია, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში მე-4 რუსული  საოკუპაციო სამხედრო ბაზის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ თბილისი-გორის ავტომაგისტრალისა და სარკინიგზო ხაზის გადაკეტვა იქნება.