ვინ რისთვის მიდის ავღანეთში...
10-06-2013
ვინ რისთვის მიდის ავღანეთში...
ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ქართველი სამხედროების მოტივაცია ყოველთვის ფული როდია...

ზედიზედ დატრიალებულმა ტრაგედიებმა ავღანეთში ქართველი სამხედროების თემა კვლავ აქტუალური გახადა, თუმცა მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ ავღანეთში სამხედროები, ძირითადად, ფულის გამო მიდიან.

ასეა თუ არა? ახალმა მთავრობამ მართლაც გაზარდა ავღანეთში მივლინების თანხა და ყველაზე დაბალი ანაზღაურება რიგითებისთვის 1 001 დოლარს გაუტოლდა. სერჟანტები და მით უმეტეს - ოფიცრები, ცხადია, მეტს იღებენ. გარდა ამისა, ავღანეთში ნახევარი წლით მივლინებულ ყველა ქართველ სამხედროს
ხელფასი სამშობლოში დაბრუნებამდე ენახება ლარებში.

შეიძლება უმუშევარ მოქალაქეს ეს თანხა შთამბეჭდავი მოეჩვენოს, მაგრამ ავღანეთში, რეალური საშიშროების წინაშე პირისპირ დარჩენილი ჩვენი სამხედროები უფრო ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე მათი ამერიკელი, ბრიტანელი თუ ფრანგი კოლეგები.

უდავოა, რომ ქართული სამხედრო კონტინგენტის გარკვეული ნაწილის ძირითადი მოტივაცია სწორედ ანაზღაურებაა, მაგრამ ბევრია
ისეთიც, ვისაც სამხედრო საქმე აინტერესებს და სურს, საბრძოლო გამოცდილება მიიღოს. ახალგაზრდა ოფიცრების დიდ ნაწილს კარიერაში წინსვლა სურს, რისთვისაც ავღანური მივლინებები ტრამპლინად უნდა იქცეს.
საქართველოს სამხედრო ბიუჯეტს 1 600-კაციანი სამხედრო კონტინგენტის ხელფასი ავღანეთში და მათი შენახული ხელფასები სამშობლოში, უხეში გათვლებით, თვეში დაახლოებით 5 მლნ ლარი უჯდება, ეს კი წელიწადში 60 მლნ ლარია.

ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედროების რიცხვის შემცირება მომგებიანი უნდა იყოს ქვეყნის ბიუჯეტისთვისაც, თუნდაც იმიტომ, რომ შევძლოთ, ამ თანხით სამხედროები დღევანდელი საქართველოს მოთხოვნების შესაბამისად მოვამზადოთ.

კერძოდ, საბრძოლო მომზადებისას ძირითადი აქცენტი სწორედ ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვაზე უნდა გაკეთდეს და არა - ანტიპარტიზანული ბრძოლის მეთოდების დახვეწაზე, რადგან საქართველოს 20% პარტიზან თალიბებს კი არა, ტანკებითა და თვითმფრინავებით შეიარაღებულ რუსეთს აქვს ოკუპირებული.
irakli
25 ივნისი 2013 16:09
ალადაშვილო, დაანებე რუსების გინებას თავი და საინტერესო რამე დაწერე.რუსს ჩვენ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევთ.ტვინი გავანძრიოთ და მივაღწევთ რაღაცას.
ნანა
12 ივნისი 2013 22:23
სამარცხვინო სტატია

რედაქტორის რჩევით