პლასტიდი არ ჰქვია!.. - კვირის პალიტრა

პლასტიდი არ ჰქვია!..

შსს-მ არასწორად დააკვალიფიცირა ტერაქტის მცდელობაზე დაკავებულების საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ასაფეთქებელი ნივთიერება

13 ივნისს შსს-მ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია ტერორისტული აქტის მცდელობის აღკვეთის შესახებ. დაკავებული უცხოეთის ორი მოქალაქის საცხოვრებელი ადგილიდან ამოიღეს დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამოღებული ასაფეთქებელი ნივთიერება სავარაუდოდ, პლასტიდია, თუმცა ასეთი დასახელების ასაფეთქებელი ნივთიერება არ არსებობს.

სიტყვა "პლასტიდი" ძველბერძნულია და გამოძერწილს ნიშნავს და დღეს გამოიყენება ბიოლოგიაში, როგორც უჯრედების ერთ-ერთი ნაწილის აღმნიშვნელი.

ის, რაც შსს-ს გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, სინამდვილეში ელასტიკური  (პლასტიკური) ასაფეთქებელი ნივთიერებაა და ძირითადად, სპეცოპერაციების დროს გამოიყენება.

ახალი მთავრობის წევრებს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მეთაურობით, შეეძლოთ, ახლოს ენახათ ასეთი პლასტიკური ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედების ეფექტი, როდესაც ამას წინათ ვაზიანის პოლიგონზე სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლმა მისი საშუალებით საჩვენებელი სწავლების დროს დეკორატიული შენობის რკინის კარი ააფეთქა.

ძირითადად, გავრცელებულია რამდენიმე სახის პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება, მათ შორის - რუსული ПВВ 5А, ПВВ-7 და ამერიკული C-4. ისინი გარეგნულად პლასტილინს ჰგვანან და ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლიათ, რაც დამნაღმველს საშუალებას აძლევს, ყველაზე რთულ ადგილსაც კი მიამაგროს.

როგორც წესი, პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებაში დიდი რაოდენობით არის გამოყენებული ტროტილზე ძლიერი ჰექსოგენი.

პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერებები, მათ შორის - C-4 ტყვიის მოხვედრის შემთხვევაშიც კი არ ფეთქდება და არ აქვს მკვეთრი სუნი, რაც აძნელებს მის აღმოჩენას.

შსს-ს ამოღებული პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერებების დეტალური ანალიზის შემდეგ შეიძლება იმის გარკვევა, რომელი ქვეყნის დამზადებულია ის, რაც დააჩქარებს სიმართლის დადგენას.

თუკი ეს დაკავება წინა ხელისუფლების წამოწყებულ "კოჭოიას" სერიალს არ აგრძელებს, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ საქართველო მართლაც რეზონანსულ ტერორისტულ აქტს გადაურჩა.