ავღანური ტრაგედიები და NATO-ს რეიტინგი - კვირის პალიტრა

ავღანური ტრაგედიები და NATO-ს რეიტინგი

შეიცვალა თუ არა NATO-სადმი საზოგადოების დამოკიდებულება ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის საბრძოლო დანაკარგების ზრდასთან დაკავშირებით?

ქართველი საზოგადოება ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნდა, რომ სწორედ NATO-ში გაწევრებით შეძლებდა საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. 2008 წლის აგვისტოს ომმა და რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და საერთოდ, დასავლეთისადმი ქართველი საზოგადოების ნაწილის განწყობა კრიტიკული გახადა.

ბოლო დროს ავღანეთში მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა, რასაც NATO-ს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროთა მსხვერპლი მოჰყვა, საზოგადოებას დაფიქრების საფუძველი გაუჩინა.

ერთი მხრივ, თუკი საქართველოს სურს, გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი, მასთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს და არც მის მისიებში მონაწილეობაზე თქვას უარი.

თუმცა უკვე არცთუ იშვიათად გაისმის მეორე მოსაზრებაც - ადეკვატურია თუ არა საქართველოს, როგორც ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყნის, მონაწილეობა ISAF-ის მისიაში და ეს არაადეკვატურობა ხომ არ არის მთავარი მიზეზი ბოლო დროს ქართველი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებული დივერსიებისა (შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მეტი მებრძოლი ჰყავს გაგზავნილი ავღანეთში)?

ძალიან ცუდი იქნება, თუკი ISAF-ის მისიაში ამდენი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო ჩვენს ქვეყანაში NATO-ში საქართველოს გაწევრების მოწინააღმდეგეთა რიცხვი გაიზრდება.

არადა, ეს საშიში ტენდენცია უკვე იგრძნობა, მეტწილად - სოციალურ ქსელებში. არ არის გამორიცხული, ასეთი განწყობის შექმნას შეგნებულად ცდილობენ "ტროლები", თუმცა მათ გარეშეც უკვე შეიმჩნევა ქუჩაში გამვლელთა არცთუ მცირე ნაწილის კრიტიკული განწყობაც.

ISAF-ის მისიაში შესაძლო საბრძოლო დანაკარგები (ღმერთმა დაგვიფაროს, თუმცა ავღანეთში და განსაკუთრებით ჰილმენდის პროვინციაში გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს, რომ ISAF-ის ოპერაციის დამთავრებამდე წელიწად-ნახევარი რჩება), სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის ალიანსში გაწევრების მოწინააღმდეგეთა რიცხვს, რაც იმ პოლიტიკური ძალებისა და ლიდერების სინდისზე იქნება, ვინც ქართული სამხედრო კონტინგენტის NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ISAF-ის პირველ კონტრიბუტორად გადაქცევა მოინდომა, რითაც დათვური სამსახური გაუწია მთელ საქართველოს.