დისლოკაციის შეცვლა უსაფრთხოების ასამაღლებლად - კვირის პალიტრა

დისლოკაციის შეცვლა უსაფრთხოების ასამაღლებლად

თბილისის მოთხოვნით, ISAF-ის სარდლობა ქართულ სამხედრო ბაზებს დისლოკაციის ადგილებს უცვლის...

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, ავღანეთში ISAF-ის სარდლობამ დაიწყო ქართული სამხედრო ბაზების დისლოკაციის ადგილების შეცვლა, რამაც შედარებით უსაფრთხო უნდა გახადოს ქართველი სამხედროების ყოფნა ჰილმენდის პროვინციაში.

უცვლელია ოფიციალური თბილისის პოზიცია - 2014 წლის ბოლომდე, სანამ არ დასრულდება ISAF-ის მისია, ქართული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა არ შეიცვლება, თუმცა შემდგომ მოვლენებზე პასუხისმგებლობასაც თავის თავზე მთავრობა იღებს.

დისლოკაციის ადგილების შეცვლამ და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებამ, წესით, ხელი უნდა შეუშალოს დანაღმული სატვირთო ავტომობილების გამოყენებით დივერსიული აქტების განხორციელებას.

მეორე მხრივ, კვლავ არსებობს საპატრულო ჯგუფების წინააღმდეგ გზებზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებისა და სხვადასხვა კალიბრის ნაღმსატყორცნებისა და მობილური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით სამხედრო ბაზების საარტილერიო დაბომბვის საშიშროება.

ნაღმსატყორცნების ცეცხლისგან სამხედრო ბაზების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ჰაერში ჩამოკიდებული სადაზვერვო აეროსტატია, რომელზეც დამონტაჟებული ოპტიკურ-ელექტრონული აპარატურა ზემოდან აფიქსირებს სამხედრო ბაზების სიახლოვეს ყველა საეჭვო გადაადგილებას.

იმედია, ამ ყველაფრის შედეგად უკეთ იქნება დაცული ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების უსაფრთხოება.