მოსკოვი ბაქოს ომის დაწყებისკენ უბიძგებს? - კვირის პალიტრა

მოსკოვი ბაქოს ომის დაწყებისკენ უბიძგებს?

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობა არ იკლებს, ამიტომ თითოეული მხარე გაფაციცებით აკვირდება მეორის გაძლიერებას.

ოფიციალური ერევნისათვის, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მთავარი დასაყრდენია, მთლად სასიამოვნო არ უნდა იყოს იმის გაგება, რომ რუსეთმა აზერბაიჯანისთვის თითქმის ერთი მლრდ დოლარის ღირებულების საბრძოლო ტექნიკის მიწოდება დაიწყო.

ამასთან, თუკი თვალს გადავავლებთ მისაწოდებელი რუსული ტექნიკის სახეობებს - ტანკები, "სმერჩები" თუ მოდერნიზებული "ბურატინოები" - ნათელი ხდება, რომ ეს არის შეტევითი ოპერაციების საწარმოებლად  აუცილებელი საშუალებები.

რა გამოდის? რუსეთი, რომელიც ერთი მხრივ, სომხეთს ძმობას ეფიცება, მის ზურგს უკან თანამედროვე შემტევი შეიარაღებით ამარაგებს მის მთავარ მოწინააღმდეგეს - აზერბაიჯანს!

როდესაც აზერბაიჯანის არმია კიდევ უფრო გაძლიერდება საზღვარგარეთ და უმთავრესად რუსეთში ნაყიდი ტანკებითა თუ არტილერიით, ოფიციალურმა ბაქომ შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საბრძოლო მოქმედებებიც კი დაიწყოს.

თუმცა ყველაფერი არც ასე მარტივია, რადგან მოსკოვი თითქმის იმავე შეიარაღებას, რასაც ბაქოს მსოფლიო ფასით აწვდის, ერევანს მიზერულ ფასად სთავაზობს ან სულაც - ჩუქნის.

ამით კრემლი იცავს სამხედრო ბალანსს დაპირისპირებულ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რათა საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში არც ერთ მათგანს არ მიეცეს დიდი უპირატესობა. ბრძოლები დროში გაიწელება, რის შემდეგაც "მშვიდობისმყოფელად" ისევ რუსეთი მოევლინება.

არსებობს არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ აზერბაიჯანისთვის შეიარაღების დიდი პარტიების მიყიდვით მოსკოვს სურს, ბაქოს ომის დაწყებისკენ უბიძგოს, რის შემდეგაც ერევანს სრულ პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას გამოუცხადებს, აზერბაიჯანი კი შეიძლება საქართველოს მსგავს მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.