რომელი მოიერიშეები მიჰყიდა სოფიამ თბილისს - კვირის პალიტრა

რომელი მოიერიშეები მიჰყიდა სოფიამ თბილისს

გაეროს რეესტრში ბულგარეთი საქართველოსთვის 2012 წელს 10 ცალი Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის მიყიდვის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს...

ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ გაეროს 2012 წლის რეესტრში ბულგარეთმა იარაღის ექსპორტ-იმპორტის გრაფაში მიუთითა, რომ საქართველოში 10 ცალი Су-25 ტიპის მოიერიშე გაყიდა. თუმცა შენიშვნის გრაფაში მითითებულია ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსიც - ყველა თვითმფრინავს ამოწურული აქვს რესურსი და ისინი გაყიდულია, როგორც რემონტისთვის საჭირო დეტალები.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ კიდევ შარშან ერთ-ერთმა ბულგარულმა ინტერნეტგამოცემამ თავის საიტზე განათავსა ფოტოები, თუ როგორ იტვირთებოდა დაშლილი Су-25-ების ფრთები და სხვა დეტალები სატვირთო გემზე, რომელიც ბურგასიდან ფოთის პორტში მიდიოდა. ამ მოიერიშეების არასაბრძოლო მდგომარეობაზე მიუთითებს მოყიდული თითოეული თვითმფრინავის ფასიც - დაახლოებით ერთი მლნ დოლარი.

შეიძლება ითქვას, რომ ეს მოიერიშე ჩე-25-ები მშობლიურ "ბუდეში" ბრუნდებიან, რადგან ისინი თითქმის 30 წლის წინ სწორედ თბილისის საავიაციო ქარხანაში დაამზადეს და აქედან გაგზავნეს სხვა ქვეყნებში.

1985-86 წლებში თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომიდან ბულგარეთის ბეზმირის საჰაერო ბაზაზე 36 ერთეული Су-25К-ის ტიპის მოიერიშე გადაფრინდა.

2012 წლისთვის ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში კიდევ ირიცხებოდა სხვადასხვა მოდიფიკაციის 25-მდე Су-25.

არსებობს ვარაუდი, რომ შარშან ბულგარეთის მიერ საქართველოში გაყიდული მოიერიშეები შეიძლება თავიდანვე არც იყო ამ ქვეყნის საკუთრება. საქმე ის არის, რომ ბულგარეთამდე თბილისში აწყობილი მოიერიშეები 1984-1987 წლებში მაშინდელმა ჩეხოსლოვაკიამ შეიძინა. 1993 წელს, ამ სახელმწიფოს ორად გაყოფის შემდეგ, ჩეხეთს 24 ცალი Су-25К დარჩა, სლოვაკეთს კი - 11 ცალი.

რამდენიმე წლის წინ სომხეთმა სლოვაკეთიდან 9 ცალი "თბილისური" Су-25К და ერთი ორადგილიანი Су-25УБК შეიძინა.

რაც შეეხება ჩეხეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში დარჩენილ 24 ცალ Су-25К-ს, დღეს მათ შეიარაღებაში ოფიციალურად არც ერთი არ ირიცხება.

ეს კი აღძრავს ეჭვს, რომ საქართველოსთვის 2012 წელს მიყიდული ათი დაშლილი მოიერიშე, სინამდვილეში, ბულგარეთის მიერ ჩეხეთში შეძენილი Су-25К-ების ნაწილი შეიძლება იყოს, რომელსაც ბულგარეთმა რეექსპორტი გაუკეთა.

თუ რისთვის გამოიყენებს საქართველო დაშლილ მოიერიშეებს, ეს სხვა და ძალიან საინტერესო თემაა.