რომელი მოიერიშეები მიჰყიდა სოფიამ თბილისს
24-06-2013
რომელი მოიერიშეები მიჰყიდა სოფიამ თბილისს
გაეროს რეესტრში ბულგარეთი საქართველოსთვის 2012 წელს 10 ცალი Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის მიყიდვის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს...

ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ გაეროს 2012 წლის რეესტრში ბულგარეთმა იარაღის ექსპორტ-იმპორტის გრაფაში მიუთითა, რომ საქართველოში 10 ცალი Су-25 ტიპის მოიერიშე გაყიდა. თუმცა შენიშვნის გრაფაში მითითებულია ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსიც - ყველა თვითმფრინავს ამოწურული აქვს რესურსი და ისინი გაყიდულია, როგორც რემონტისთვის საჭირო დეტალები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ კიდევ შარშან ერთ-ერთმა ბულგარულმა ინტერნეტგამოცემამ თავის საიტზე განათავსა ფოტოები,
თუ როგორ იტვირთებოდა დაშლილი Су-25-ების ფრთები და სხვა დეტალები სატვირთო გემზე, რომელიც ბურგასიდან ფოთის პორტში მიდიოდა. ამ მოიერიშეების არასაბრძოლო მდგომარეობაზე მიუთითებს მოყიდული თითოეული თვითმფრინავის ფასიც - დაახლოებით ერთი მლნ დოლარი.

შეიძლება ითქვას, რომ ეს მოიერიშე ჩე-25-ები მშობლიურ "ბუდეში" ბრუნდებიან, რადგან ისინი თითქმის 30 წლის წინ
სწორედ თბილისის საავიაციო ქარხანაში დაამზადეს და აქედან გაგზავნეს სხვა ქვეყნებში.

1985-86 წლებში თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომიდან ბულგარეთის ბეზმირის საჰაერო ბაზაზე 36 ერთეული Су-25К-ის ტიპის მოიერიშე გადაფრინდა.
2012 წლისთვის ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში კიდევ ირიცხებოდა სხვადასხვა მოდიფიკაციის 25-მდე Су-25.

არსებობს ვარაუდი, რომ შარშან ბულგარეთის მიერ საქართველოში გაყიდული მოიერიშეები შეიძლება თავიდანვე არც იყო ამ ქვეყნის საკუთრება. საქმე ის არის, რომ ბულგარეთამდე თბილისში აწყობილი მოიერიშეები 1984-1987 წლებში მაშინდელმა ჩეხოსლოვაკიამ შეიძინა. 1993 წელს, ამ სახელმწიფოს ორად გაყოფის შემდეგ, ჩეხეთს 24 ცალი Су-25К დარჩა, სლოვაკეთს კი - 11 ცალი.
რამდენიმე წლის წინ სომხეთმა სლოვაკეთიდან 9 ცალი "თბილისური" Су-25К და ერთი ორადგილიანი Су-25УБК შეიძინა.

რაც შეეხება ჩეხეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში დარჩენილ 24 ცალ Су-25К-ს, დღეს მათ შეიარაღებაში ოფიციალურად არც ერთი არ ირიცხება.
ეს კი აღძრავს ეჭვს, რომ საქართველოსთვის 2012 წელს მიყიდული ათი დაშლილი მოიერიშე, სინამდვილეში, ბულგარეთის მიერ ჩეხეთში შეძენილი Су-25К-ების ნაწილი შეიძლება იყოს, რომელსაც ბულგარეთმა რეექსპორტი გაუკეთა.

თუ რისთვის გამოიყენებს საქართველო დაშლილ მოიერიშეებს, ეს სხვა და ძალიან საინტერესო თემაა.
patrioti
26 ივნისი 2013 12:55
რა საჭიროა ამაზე ასეთი აჟიოტაჟის ატეხა. არის საკითხები რომლის გახმაურება არ შეიძლება. სამხედრო სპეციფიკა ასეთია,ვისწავლოთ მოთმინება და ნუ ვიქნებით სულწასულები,რომელმაც არერთხელ აზარალა ქვეყნა და კიდევ ბევრჯერ აზარალებს ასეთი დამოკიდებულებით........
ss
25 ივნისი 2013 10:44
კიდევ რა შეიარაღება იყიდა საქართველომ 2012 წელს რეესტრის თანახმად, სად ვნახო? ლინკი დადეთ რა

რედაქტორის რჩევით