NATO-მ უსაფრთხოება ავღანელებს გადააბარა - კვირის პალიტრა

NATO-მ უსაფრთხოება ავღანელებს გადააბარა

რამდენიმე დღის წინ NATO-ს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის მისიის სარდლობამ ავღანეთში უსაფრთხოების  უზრუნველყოფა პრეზიდენტ ჰამიდ ყარზაის ხელისუფლებას გადააბარა.

პასუხისმგებლობის გადაბარების პროცესი 2011 წლის ზაფხულში დაიწყო და სამი წელი დასჭირდა, რომ ავღანეთის პროვინციებში უსაფრთხოებაზე კონტროლი მთლიანად ავღანეთის ეროვნულ არმიას, პოლიციასა და სპეცსამსახურებს აეღოთ ხელში.

ეს კარგია ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო კონტინგენტის პირადი შემადგენლობისთვისაც, რადგან ამიერიდან თალიბებთან, წესით, მხოლოდ პრეზიდენტ ყარზაის ერთგულმა სამხედროებმა და პოლიციელებმა უნდა იბრძოლონ და ჩვენს ბიჭებს იშვიათად მოუწევთ სამხედრო ბაზებიდან პატრულირებისა და კოლონების გაცილებისთვის გამოსვლა. თუმცა შეძლებს კი პრეზიდენტ ყარზაის ხელისუფლება ISAF-ის ძალების დახმარების გარეშე (როგორც ეს დღემდე იყო) უსაფრთხოების დონის შენარჩუნებას ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე და მით უმეტეს - ჰილმენდის პროვინციაში?

ეს ძალიან ძნელად განსახორციელებელი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ყარზაის ხელისუფლების განკარგულებაში უკვე 350 ათასამდე სამხედრო და პოლიციელია (ISAF-ის  მებრძოლთა რაოდენობა 97 ათასამდეა), რადგან მათი არცთუ მცირე ნაწილი შეიძლება სინამდვილეში "თალიბანს" თანაუგრძნობდეს.

როგორ შეუძლია ქაბულში მყოფ ხელისუფლებას ავღანეთის მთელი ტერიტორიის გაკონტროლება გარეშე ძალების დახმარების გარეშე, 20 წლის წინანდელმა მოვლენებმაც აჩვენა - 1989 წელს ავღანეთიდან საბჭოთა არმიის გამოსვლის შემდეგ რამდენიმე წელში დაეცა მოსკოვის ხელდასხმული ხელისუფლება და ავღანეთს "თალიბები" დაეპატრონნენ...