საზღვაო ოკუპაციის დასაწყისი - კვირის პალიტრა

საზღვაო ოკუპაციის დასაწყისი

ქართული ტერიტორიული წყლების ოკუპაციას რუსეთის ФСБ-ს მესაზღვრე მეზღვაურები აგრძელებენ...

"მანგუსტისა" და "სობოლის" ტიპის სამი კატარღის ოჩამჩირის პორტში შემოყვანით რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა - ФСБ-მ დაიწყო ქართული ტერიტორიული წყლების რეალური ოკუპაცია.

რუსეთის სანაპირო დაცვა სტრუქტურულად ФСБ-ში შედის. შავი ზღვა-აზოვის სანაპირო დაცვის სასაზღვრო სამმართველოს ექვემდებარება 21-ე ცალკეული სასაზღვრო-სადარაჯო ხომალდების ბრიგადა, რომლის დივიზიონები განთავსებულია სოჭსა და თემრიუკში (აზოვის ზღვა).

ახლა კი რუსული საოკუპაციო ძალები ოჩამჩირეში ამთავრებენ ახალი დივიზიონის ჩამოყალიბებას, რომელიც ასევე 21-ე ბრიგადაში შევა.

პირველი სამი "მანგუსტი" და "სობოლი" სწორედ ამ ოჩამჩირის დივიზიონში გაერთიანდება. მოსალოდნელია, დროთა განმავლობაში ოჩამჩირის დივიზიონში სხვადასხვა ტიპის 10-მდე კატარღამაც მოიყაროს თავი.

"სობოლი" და "მანგუსტი" ახალი თაობის რუსული სასაზღვრო კატარღებია. პირველი "სობოლის" აგება სანქტ-პეტერბურგში, გემთსაშენი ფირმის, "ალმაზის" ვერფში 2003 წელს დაიწყო.

"სობოლის" წყალწყვა 60 ტონაა, ავტონომიურ რეჟიმში ავითარებს მაქსიმალურ 48 კვანძს (თითქმის 89კმ/სთ). ღია ზღვაში მორიგეობა "სობოლის" ათკაციან ეკიპაჟს სამი დღე-ღამე შეუძლია. კატარღა შეიარაღებულია ერთი შეწყვილებული სატყვიამფრქვევო დანადგარით (ასეთივე 14,5 მმ კალიბრიანი ტყვიამფრქვევი საბჭოთა БТР-ების კოშკურებშიც ეყენა).

"მანგუსტის" მონაცემები შედარებით მოკრძალებულია. მისი სრული წყალწყვა მხოლოდ 27,2 ტონაა, 6-კაციან ეკიპაჟს ავტონომიურ რეჟიმში ორი დღე-ღამე შეუძლია მორიგეობა ბაზისგან შორს. "მანგუსტიც" დიდ სიჩქარეს - 47 კვანძს (87კმ/სთ) ავითარებს. იგი მხოლოდ ერთი, 14,5 მმ კალიბრიანი ტყვიამფრქვევითაა შეიარაღებული.

ერთი შეხედვით არც "სობოლი" და, მით უმეტეს, "მანგუსტი" არ გამოირჩევიან ძლიერი შეიარაღებით და შეიძლება ვინმემ იფიქროს, - მერე რა, რომ ოჩამჩირეში იდგებიან, ეს პატარა რუსული კატარღები ვერაფერს დაგვიშავებენო.

მიუხედავად მართლაც სუსტი შეიარაღებისა, ამ, ორივე თანამედროვე რუსულ კატარღას ძალიან დიდი სიჩქარის განვითარება შეუძლია და ადვილად დაეწევიან ქართული სანაპირო დაცვის მოძველებულ კატარღებს. ამასთან, "სობოლიც" და "მანგუსტიც" აღჭურვილნი არიან თანამედროვე სანავიგაციო რადიოელექტრული აპარატურით და ზღვაში სამიზნის სწრაფად მოძებნა ძალუძთ.

ქართული სანაპირო დაცვის შემადგენლობაში ორი თანამედროვე თურქული წარმოების კატარღაა - P-24 "სოხუმი" და P-108 "ფოთი".

"ფოთის" წყალწყვა 36 ტონამდეა და იგი მაქსიმალურ 60 კვანძს ავითარებს, რაც 111 კმ/სთ-ს უტოლდება! ამ უზარმაზარი სიჩქარით მქროლავ "ფოთს" რუსული "სობოლების" და "მანგუსტების" დაწევაც შეუძლია და გაქცევაც, თუკი ამის აუცილებლობა იქნა.

"სოხუმი" "ფოთზე" დიდია და მისი წყალწყვა 115 ტონას აღწევს. მისი ეკიპაჟი 20-კაციანია, ცურვის მაქსიმალური სიჩქარე კი 45 კვანძია (83კმ/სთ). როგორც ნახეთ, ორივე ქართული სასაზღვრო კატარღა, ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებით, აღემატება რუსულ "სობოლსა" და "მანგუსტს". ეს უპირატესობა უფრო გაიზრდება, თუკი მათ შეიარაღებას შევადარებთ. რუსულ კატარღებზე დამონტაჟებულია ЬТПУ (საზღვაო სატყვიამფრქვევო დანადგარი ტუმბოზე) ტიპის დანადგარი, რომელიც არ არის სტაბილიზებული, ანუ ღელვისას ამ დანადგარიდან ზუსტად დამიზნება ძალიან ძნელია.

"სოხუმსა" და "ფოთზე" დამონტაჟებული სტაბილიზებული საიარაღო კომპლექსი კი, ღელვის მიუხედავად, მიზანს "თვალს" არ აცილებს. თანაც ამ საიარაღო კომპლექსში შეიძლება როგორც 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევის, ისე 25-30 მმ კალიბრიანი ავტომატური ქვემეხების დამონტაჟება, რის შემდეგაც რუსულ "მანგუსტებთან" და "სობოლებთან" შესაძლო საზღვაო შეტაკებაში "სოხუმისა" და "ფოთის" უპირატესობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.