ღია ეთერში აფეთქებული რუსული რაკეტა - კვირის პალიტრა

ღია ეთერში აფეთქებული რუსული რაკეტა

ბაიკონურის კოსმოდრომზე მომხდარი ავარიის შედეგად რუსეთმა 30 წამში 200 მლნ დოლარი იზარალა...

2 ივლისს, დილაუთენია, რუსული ტელევიზიები ყაზახეთიდან, ბაიკონურის კოსმოდრომიდან პირდაპირი ეთერით გადასცემდნენ Протон-М ტიპის რაკეტა-მატარებლის სტარტს, რომელსაც დედამიწის ორბიტაზე Глонасс-М-ის (ამერიკული  GPS-ის რუსული ანალოგი) კლასის სამი სანავიგაციო თანამგზავრი უნდა გაეყვანა.

"პროტონის" სტარტიდან რამდენიმე წამში ნათლად გამოჩნდა, რომ რაღაც გაუთვალისწინებელი ხდებოდა - სატელევიზიო ეთერით მილიონობით ადამიანი უყურებდა, როგორ მოტრიალდა რაკეტა ჰაერში, გადატყდა და მიწას დაენარცხა, რასაც უზარმაზარი ნარინჯისფერი ღრუბლის წარმოქმნა მოჰყვა.

ბევრს უნახავს ამერიკული "ჩელენჯერის" კატასტროფა სტარტის შემდეგ, თუმცა რუსული "პროტონის" ავარია უფრო შემზარავად გამოიყურებოდა, რადგან დაბალ სიმაღლეზე მოხდა.

ამ ავარიის შედეგად არავინ დაზიანებულა, თუმცა ძალზე საეჭვოა, უკვალოდ ჩაიაროს იმ ნარინჯისფერი ღრუბლის ზემოქმედებამ, რომელიც "პროტონის" აფეთქების შედეგად წარმოიქმნა.

საქმე ის არის, რომ 58 მ სიგრძისა და 705 ტ მასის "პროტონის" სამივე საფეხურში თითქმის 600 ტონამდე ძლიერტოქსიკური სარაკეტო საწვავი "ჰეპტილი" და დამჟანგველი აზოტის ტეტრაოქსიდია ჩატუმბული. ეს დამჟანგველი აზოტმჟავის გამოყენებითაა დამზადებული და ძალზე სახიფათოა. "ჰეპტილი" მოქმედებს ადამიანის მხედველობისა და სუნთქვის ორგანოებზე, ასევე ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, დიდი კონცენტრაციით ადამიანის სხეულში მოხვედრისას "ჰეპტილი" (იგივე არასიმეტრიული დიმეთილჰიდრაზინი) იწვევს გონების დაკარგვასა და ზოგჯერ - სიკვდილს.

ასეთი სახიფათო ჩამონათვალის შემდეგ გასაგებია, რას გრძნობენ ბაიკონურის კოსმოდრომის მიმდებარე სოფლებისა და ქალაქების მკვიდრნი - ატმოსფეროში ხომ 600 ტონამდე საწამლავი გაიფანტა, რომელიც შემდგომ არტეზიული ჭების წყალს შეერევა.

საგულისხმოა, რომ 2010 წლის 5 დეკემბერს ასევე წარუმატებლად დამთავრდა დედამიწის ორბიტაზე Протон-М-ის საშუალებით "გლონასის" სამი თანამგზავრის გაყვანის მცდელობა წარმოუდგენელი მიზეზის გამო - ტექნიკოსებმა "პროტონის" ბაკებში ერთი ტონით მეტი საწვავი ჩაასხეს(!), რის გამოც ვერც ერთი თანამგზავრი ვეღარ გავიდა გათვლილ ორბიტაზე და რამდენიმე საათში სამივე წყნარ ოკეანეში, ჰავაის კუნძულების რაიონში ჩამოვარდა.

2 ივლისს სტარტაღებული "პროტონის" აფეთქების მიზეზების კვლევა რუსეთმა უკვე დაიწყო და არ არის გამორიცხული, "დამნაშავედ" რაკეტა-მატარებლის პირველი საფეხურის ექვსი რაკეტული ძრავიდან ერთ-ერთის გაუმართავი მუშაობა დასახელდეს.

P.S.ერთ-ერთი ბოლო ვერსიის თანახმად, "პროტონის" სტარტი დაგეგმილზე 0,4 წმ-ით ადრე დაიწყო, რის გამოც რაკეტის პირველი საფეხურის ძრავებმა საჭირო სიმძლავრის განვითარება ვერ მოასწრო და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა ავარიის მიზეზიც.